ცოტა რამ „თაფლის მიწის“ შესახებ

რაზეა ეს ფილმი?!

ანუ რა მიწაზე ვცხოვრობთ ჩვენ?!

ცოტა რამ „თაფლის მიწის“ შესახებ…

 

„თაფლის მიწა“ არის საოცრება მაკედონიიდან – 2019 წლის დოკუმენტური ფილმი, ლუბომირ სტეფანოვისა და ტამარა კოტევსკას რეჟისორობით, ფეიმი დაუტისა და სეიმი ლიუმას ოპერატორობით, რომლის ყურების ბედნიერება CinéDOC TBILISI 2019-ის მაყურებელს ერგო… ცხოვრებაში მსგავსი რამ არ მინახავს და იგივე შთაბეჭდილებით კიდევ ბევრი ადამიანი დარჩა… ამ ფილმს ეკუთვნის ყველა პრიზი, რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობს, მის შექმნაში მგონი ღმერთის ხელი ურევია…

და მაინც, რაზეა ეს ფილმი?! უფრო სწორად, რა ქმნის მის დიდებულებას?! როგორია, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ ფილმის შინაგანი სამყარო, მისი სტრუქტურა, ჩონჩხი, ანუ ხერხემალი? მე ვეცადე, დამეთვალა ამ ფილმის მალები, ვინაიდან მისი ძალა კონტრასტებშია:

I მალა: თაფლი.

თაფლი ძალიან ღრმა, არქეტიპული სიმბოლოა. გავიხსენოთ თუნდაც ის, რომ ზარატუსტრა თაფლით იკვებება მთაში, ნიცშეს „ესე იტყოდა ზარატუსტრაში“… თაფლი და ფუტკარი დაკავშირებულია უანგარო შრომასთან, სისუფთავესა და ნატურალურ სიწმინდესთან, ეგზისტენციალურ საკრალურთან, თუ შეიძლება ასე ითქვას. შესაბამისად, ფიჭისა და ფუტკრის გამოჩენა კლდისა და მთის ფონზე მთელს ფილმს ეგზისტენციალური საკრალურის აურას აძლევს.

II მალა: გამოქვაბული და კლდე.

მთავარი გმირი, თურქი ქალი – ჰატიჯე გამოქვაბულის მსგავს, ბნელ, მთის ქვებით აკინძულ სენაკში ცხოვრობს მოხუც დედასთან ერთად. მათი სახლი გამოქვაბულის შთაბეჭდილებას ტოვებს. გამოქვაბული, იგივე ქვაბი ასევე არქეტიპული ადგილია. გავიხსენოთ ქვაბი „ვეფხისტყაოსნიდან“… რომელსაც უპირისპირდება კლდე (ქაჯეთის კლდე)… ჰატიჯე დადის კლდეზე, რათა იქიდან თაფლის ფიჭები ჩამოიტანოს და ბაზარში გასაყიდად წაიღოს. ცხოვრება ქვაბში და ცხოვრება კლდეზე პირველყოფილი ადამიანის ცხოვრებასთანაა დაკავშირებული. ახალ დროში იგი მისტიკას უკავშირდება, სასულიერო თუ ეგზისტენციალურ განდეგილობას…

III მალა: დედაშვილობა.

ჰატიჯე და მოხუცი დედა, რომელიც უკვე სიკვდილის პირასაა, ერთად ცხოვრობენ. ჰატიჯე ზრუნავს დედაზე. დედას მუხლის გამართვაც კი უჭირს. ცალი თვალი დაოსებული აქვს და აზრითაც ცოტას აზროვნებს. ჰატიჯემ იცის თავისი მარტოობა, მაგრამ ვიდრე დედა ცოცხალია, არაფრის დიდებით არ მიატოვებს მით უფრო, რომ წასასვლელიც არსად აქვს…

IV მალა: კეთილი და ბოროტი.

ფილმს ორი კულმინაცია აქვს, ერთი – პატარა, მეორე კი – დიდი. პატარა კულმინაცია მაშინ ხდება, როდესაც ჰატიჯეს ახლოს დასახლებული მომთაბარე ოჯახი მას გულცივად უნადგურებს ერთადერთ სარჩოს – ველურ ფუტკარს… ჰატიჯე მათ, როგორც ალუდა ქეთელაური – თემს, მოთმინებით და დიდსულოვნებით პასუხობს…

V მალა: ცრემლი და სიმღერა.

ჰატიჯეს უყვარს სიმღერა. მაგრამ მას ასევე ცრემლიც მოსდის, როდესაც უსამართლოდ გულს უკლავენ და მარტო რჩება.

VI მალა: შრომა და თამაში, ასაკოვანი და ახალგაზრდა.

ფილმში ნაჩვენებია შრომაც და ნაჩვენებია თამაშიც. ეს ორი მოქმედება ძირფესვიანად ამოწურავს ყოფიერებას. ლოცვა, ტირილი, სიმღერა, საუბარი და დუმილი ახლავს შრომას და თამაშს. ჰატიჯე ეთამაშება მეზობლის ბავშვებს. ის თამაშობს, როგორც გაბავშვებული ქალი. ამის ყურება შემძვრელია.

VII მალა: კომერცია და სიწმინდე.

ფილმი აგებულია ასევე ამ კონტრასტზე. თაფლი, როგორც წმინდა, და ფული, როგორც უწმინდური, ბაზრიდან მომავალი… მაგრამ საჭიროა თაფლის გაყიდვა და სხვა ნივთების ყიდვა… მაგალითად, ჰატიჯემ უნდა იყიდოს ბანანი, რომლითაც ის და დედა დანაყრდებიან და აგრეთვე წაბლისფერი თმის საღებავი, რითაც თმებს შეიღებავს…

VIII მალა: ბუნება და ცხოველად-გადაქცევა.

ცხოველად-გადაქცევა არის ტერმინი, რომელიც ფრანგ ფილოსოფოსს – ჟილ დელეზს ეკუთვნის. „თაფლის მიწა“, ვფიქრობ, დელეზის კონტექსტში ვითარდება. ბუნება, როგორც ცხოველის ადგილი, ველური სულის ნავსადგური, ამ ფილმს აძლევს სიღრმის, საფუძვლიანობისა და გამორჩეულობის ხიბლს.

IX მალა: მარტოობა, სივრცე და ოცნება…

ჰატიჯეს მარტოობა ტრაგიკულ სამკაულად ედება ხეობის კლდოვან სივრცეს, რომელშიც ქართაც ერთად ქრის და გულის სიღრმეში ფუტკრებივით დაუღალავად იღვწის ჰატიჯეს ოცნება…

X მალა: სიცოცხლე და სიკვდილი, სინათლე და სიბნელე.

სიცოცხლე-სიკვდილის კონტრასტზე მრავალი გენიალური ნაწარმოებია აგებული. იგივე უნდა ითქვას „თაფლის მიწაზეც“. ამ ფილმის გენიალურობას ასევე განაპირობებს სინათლე-სიბნელის ღრმა დაპირისპირება, რომლითაც მთელი ფილმია გამსჭვალული, რასაც ადამიანის ყოფიერება ტრანსცენდენტურ შრეში გადაჰყავს.

„თაფლის მიწის“ მაყურებელს ბოლოში რჩება ის სიმწარე, რომელსაც ეული თაფლის ჭამა იწვევს…

 

კომენტარი
%d bloggers like this: