კრისტინა აგილერა ძალადობაზე, თანამედროვე მუსიკასა და შოუ-ბიზნესში დაბრუნებაზე საუბრობს

20-წლიანი სასცენო კარიერის მანძილზე კრისტინა აგილერა ყველანაირი გვინახავს: შავი და ფერფლისფერი თმით, ნაწნავებით, სქელი ხელოვნური წამწამებით და ზედმეტად ხასხასა მაკიაჟით. მაგრამ მომღერალი ასეთი გარეგნობით პირველად ვნახეთ.

აგილერამ Paper Magazine-ის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ჟურნალის ყდიდან მკითხველს თითქოს 15 წლის გოგონა უმზერს, ჭორფლიანი კანით და მაკიაჟის გარეშე. 37 წლის კრისტინამ გარისკა და თავისი ბუნებრივი სახე გვაჩვენა.

რამდენიმე წლის წინ მომღერალი სცენიდან გაქრა. მისი უკანასკნელი ალბომი Lotus 2012 წელს გამოვიდა, დიდ ეკრანზე კი აგილერა ბოლოს 2015 წელს ვიხილეთ ფილმში “იდეალური ხმა 2”. შოუ-ბიზნესში დაბრუნება მომღერალმა კვლავ კინოს საშუალებით გადაწყვიტა. 2018 წელს მისი მონაწილეობით სამი ფილმი გამოვა.

“მე ყოველთვის მიყვარდა ექსპერიმენტები და თამაში, ახალი სიუჟეტების მოგონება და ახალი სახეების მორგება. ყოველთვის მომწონდა თეატრი, ნატურით მსახიობი ვარ. ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება არ შემიძლია. მუდამ რაღაცის შექმნა, მოძრაობა მჭირდება” – გაგვანდო მომღერალმა.

რაც შეეხება მუსიკას, რა თქმა უნდა, კრისტინა მის მიტოვებას არ აპირებს. მომღერლის აზრით ახალ თაობას მეტი თავისუფლება და შესაძლებლობები აქვთ. “არ შეგეშინდეთ საზღვრების გადასვლის, ნუ შეგეშინდებათ კრიტიკის, რომელიც გზად შეგხვდებათ” – ამბობს აგილერა. ახალ მომღერლებს შორის კი კარდი ბი გამოარჩია: “ის ადამიანებს აიძულებს იყვნენ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან”.

Paper Magazine-თან ინტერვიუში კრისტინამ წარსულიც გაიხსენა. მისი ოჯახი მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ხშირად ხდებოდა. “მე თვალს ვადევნებდი როგორ აკეთებდა დედა არჩევანს დამორჩილებოდა ან მამას ეცემა” – ამბობს მომღერალი და ამატებს, რომ უკვე მაშინ გადაწყვიტა ასე მოქცევის უფლება არავისთვის მიეცა. კრისტინა თანაგრძნობით საუბრობს ძალადობის მსხვერპლ ქალებზე: “ვერ ვიტან, როდესაც ადამიანები კითხულობენ, უბრალოდ რატომ არ მიატოვებს მას? საქმე არამხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ ძალადობას ეხება. ურთიერთობა უნდა გვქონდეს ადამიანებთან, ვისაც ჩვენს ცხოვრებაში დადებითი ენერგიის შემოტანა შეუძლიათ. უნდა ვიცოდეთ ტკივილის გაშვება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია”.

 

კომენტარი
%d bloggers like this: