კუნსტჰალე თბილისის საინაუგურაციო გამოფენა

16 მაისს, 5 საათზე, კუნსტჰალე თბილისის პირველი გამოფენა გაიხსნება. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ნიკა ქუთათელაძის ინსტალაცია „წისქვილი ყოფილი პავლოვის ქუჩაზე“. (მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზირი. #53, თბილისი, საქართველო.) და ანჯელიკა მესიტის ვიდეო ინსტალაცია პეტრიაშვილის ქუჩაზე, ღვინის ქარხნის პირველ სართულზე (გახსნა 18 მაისი). მესიტის გამოფენას კუნსტჰალე თბილისი Protocinema-სთან თანამშრომლობით და Art Space Sydney-ის მხარდაჭერით წარმოადგენს.

კუნსტჰალე თბილისი მოძრავი საგამოფენო სივრცეა, რომელიც 2017 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის VAADS-ის დეკანმა ირინა პოპიაშვილმა და თანამედროვე ხელოვნების კონსულტანტმა ლიკა ჭკუასელმა დააარსეს. პროექტი ემსახურება თანამედროვე ქართული  ხელოვნების პოპულარიზაციასა და ქართველი არტისტების მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებას.

კუნსტჰალე თბილისის მიერ დაგეგმილი გამოფენები ქართულ და საერთაშორისო ხელოვნების ნიმუშებს, თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილას წარმოაჩენს. საგამოფენო სივრცეები და მათი მდებარეობა ნამუშევრების შინაარსის მიხედვით შეირჩევა და გამოფენის ვიზუალური ნაწილი გახდება. საერთაშორისო და ადგილობრივი ხელოვანები წარადგენენ თავიანთ   ნამუშევრებს, თუმცა, ამავდროულად, გაეცნობიან და მოერგებიან საქართველოს დედაქალაქის სწრაფადცვალებად ურბანულ გარემოს.

 

ნიკა ქუთათელაძე –  ინსტალაცია „წისქვილი ყოფილი პავლოვის ქუჩაზე“

წარმოიდგინეთ სოფელში ნანახი წყლის წისქვილს ქალაქის პატარა საბჭოთა ბინაში. ეს ინსტალაცია ნიკა ქუთათელაძის 2016 წელს დაწყებული ტრილოგიის ბოლო ნაწილია.  ქუთათელაძემ გურიის სოფლიდან ნაწილ-ნაწილ ჩამოტანილი წისქვილი ხელახლა ააწყო ერთოთახიან ბინაში, ყაზბეგის გამზირზე, რომელსაც ადრე პავლოვის ქუჩა ერქვა. შესაბამისად, ინსტალაციის სახელი უშუალოდ აღწერს ნამუშევარს. ავტორმა საბჭოთა  საქართველოს ისტორიიდან ის ელემენტები გამოფინა, რომლებიც მის წარსულს უკავშირდება. ეს ბინა და წისქვილი  ერთდროულად საჯარო და პირადი ემოციური მეხსიერების “ძეგლებია”. ინსტალაცია სწორედ პოსტსაბჭოთა ცვლილებებს ასახავს იშლება წარსულის ყოფითი დეტალები და რჩება მათი კვალი ადამიანთა  ცნობიერებაში. სოფლის წისქვილი მოუხერხებლადაა გაჭედილი საბჭოთა ბინაში. სხვა ნამუშევრებშიც ქუთათელაძე იყენებს თავის ბავშვობასთან დაკავშირებულ ადგილებს, მათ შორის, სათამაშო მოედნებს. ის ცდილობს, გააცოცხლოს როგორც თავისი, ისე სხვა ადამიანების მოგონებები.

 

გამოფენა ღიაა ოთხშაბათიდან შაბათის ჩათვლით 14 საათიდან 19 საათამდე და წინასწარი შეთანხმებით. პროგრამას თან ახლავს შეხვედრები და ტურები.

მეტი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ვებგვერდს: www.tbilisikunsthalle.org  

 

ოთხშაბათი, 16 მაისი:

17:00 – საჯარო ლექცია, ნიკა ქუთათელაძე და ირინა პოპიაშვილი

18:00-20:00 გახსნა

ალ. ყაზბეგის გამზირი. #53, თბილისი, საქართველო

 

პარასკევი, 18 მაისი:

18:00 – საჯარო ლექცია, ანჯელიკა მესიტი მარი სპირიტოსა და თამარ ჯანაშიასთან ერთად

19:00 – 21:00 საათი – გახსნა

საგამოფენო თარიღები: 18 მაისი – 14 ივლისი, 2018

საათები: ოთხშ. – შაბ. 14:00 – 18:00 სთ

პეტრიაშვილის ქუჩა #1 თბილისი, საქართველო

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: