7-წლიანი აკრძალვის შემდეგ ლარს ფონ ტრიერის ახალ ფილმს კანის ფესტივალზე აჩვენებენ

ხმები იმის შესახებ, რომ ლარს ფონ ტრიერი პირველად 7 წლის განმავლობაში საკუთარ ფილმს კანის ფესტივალზე აჩვენებს, დადასტურდა. 

დანიელი რეჟისორის ახალი სურათი “სახლი, რომელიც  ჯეკმა ააგო” ახალგაზრდა კაცის ისტორიაა ვაშინგტონის შტატიდან, რომელიც 12 წლის ასაკში დახელოვნებულ სერიულ მკვლელად იქცა. ფილმში მთავარ როლებს უმა თურმანი, მეთ დილონი და ელვის პრესლის შვილიშვილი რაილი კიო ასრულებენ.

 

ლარს ფონ ტრიერს კანის ფესტივალზე ფილმების ჩვენება 2011 წელს აუკრძალეს. ამის მიზეზი რეჟისორის მიერ ფილმ “მელანქოლიის” პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება გახდა, რომელშიც ტრიერმა განაცხადა, რომ ადოლფ ჰიტლერმა “ბევრი არასწორი საქციელი ჩაიდინა”, მაგრამ მის მიმართ შესაძლებელია “სიმპათიით განწყობა”.

ამ ინციდენტამდე ტრიერი ფესტივალის ლაურეატი ორჯერ გახდა – 1996 წელს ჟიურის პრიზი ფილმისთვის “ტალღების გადაკვეთა” მიიღო, ხოლო 2000 წელს “ოქროს პალმის რტოს” მფლობელი გახდა ფილმისთვის “წყვდიადში მოცეკვავე” ბიორკით მთავარ როლში.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ ფესტივალს ტერი გილიამის “ადამიანი, რომელმაც დონ კიხოტი მოკლა” დახურავს. რეჟისორმა ფილმის გადაღება რვაჯერ დაიწყო და შეაჩერა. მთლიანობაში ფილმზე მუშაობას 20 წელი მოანდომა. ფილმი ახალგაზრდა რეჟისორ ტობი გროსინიზე მოგვითხრობს, რომლის როლს ადამ დრაივერი ასრულებს. პირველი თრეილერის ნახვა აქ შეგიძლიათ.

ფესტივალის ფარგლებში რეი ბრედბერის ანტიუტოპიის “451 ფრადუსი ფარენგეიტით” ახალ ეკრანიზაციას აჩვენებენ.

კანის კინოფესტივალი 8-19 მაისს ჩატარდება. ჟიურის შემადგენლობა კი შემდეგია: რეჟისორები ანდრეი ზვიაგინცევი, დენი ვილნევი, ავა დიუვერნეი და რობერ გედიგიანი, მსახიობები კრისტენ სტიუარტი, ლეა სეიდუ, ჩან ჩენი და მომღერალი ხაჯა ნინი. ჟიურის თავმჯდომარე ქეით ბლანშეტი იქნება.

 

კომენტარი
%d bloggers like this: