“მხევლის წიგნის” დიზაინერმა კოსტიუმების შექმნის პროცესზე ისაუბრა

სერიალი-ანტიუტოპია “მხევლის წიგნის” კოსტიუმების ავტორმა ენ კრებტრიმ ჟურნალ Nylon-თან სამუშაო პროცესზე ისაუბრა.მისი თქმით, მარგარეტ ეტვუდის რომანის ეკრანიზაციის პერსონაჟებსა და მათ იერზე უფრო ადრე, 1990 წელს გადაღებულმა ფილმა იქონია გავლენა.

“მე ეტვუდის ორიგინალურ ხედვასთან დავიწყე მუშაობა. დარწმუნებული ვარ იცის, რომ მისი ტექსტის გულითადი თაყვანისმცემელი ვარ. გარდა ამისა, შევისწავლიდი ხელოვნებას, მუსიკას, სხვადასხვა კულტურებს, რელიგიებსა და რწმენებს, რამაც ასევე გავლენა მოახდინა შედეგზე. ფერზე, მოძრაობაზე ბუნებამ იმოქმედა, ასევე ორმა დევიდმა – დევიდ ლინჩმა და დევიდ ბირნმა. მეთიუ ბარნი, ბლონდი, პატი სმიტი, სამუშაო ტანსაცმელი, დედაჩემი კიმიკო კრაბტრი – შთაგონება ნებისმიერ ადგილას შეიძლება ვიპოვო”.

დიზაინერისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა მოახლეების კოსტიუმების შექმნა:

“ეს გრძელი პროცესი იყო და ფიქრს დიდი დრო დავუთმეთ. მინდოდა რაღაც ელემენტარული მომეფიქრებინა, მაისურისა და ჯინსის შარვლის მსგავსი, მაგრამ მოძრაობისას შთამბეჭდავი რომ ყოფილიყო. ასევე, არაჩვეულებრივი თავსაფარი და ძალიან მოხერხებული მოსასხამი მჭირდებოდა. აი, ასეთია ახალი ჩვეულებრივობა, ნორმალურობა”.

თავსაფრებზე კრაბტრიმ დეტალურად ისაუბრა, რადგან ეს აქსესუარი მოახლის იერსახის მნიშვნელოვანი ელემენტია და თავის თავში ახალი აზრს ატარებს.

“რომანში თავსაფრები ნახსენებია, მაგრამ თავდაპირველად ჩვენ მათ გამოყენებას არ ვგეგმავდით, რადგან მოძველებულად მიგვაჩნდა. ბოლოს შევთანხმდით, რომ თავსაფარი ხაზს უსვამს ურთიერთობის შეზღუდვას, რასაც მოახლეები აწყდებიან. მათ სწორედ თავსაფარი ეხმარება საიდუმლოს შენახვასა და მის სხვა მოახლეთათვის გადაცემაში. ესაა იარაღი პატრიარქალური წყობის წინააღმდეგ, ამიტომ დიზაინი ჩვეულებრივი სამყაროს საზღვრებს სცილდება. ამავდროულად მას იყენებენ როგორც გარდერობის ჩვეულებრივ ნაწილს, მაგალითად კეპს”. 

ენ კრებტრის კოსტიუმებმა უძლიერესი გავლენა მოახდინა არამხოლოდ მაყურებელზე, არამედ პროფესიონალ დიზაინერებზე და მათი კოლექციების ნაწილად იქცა. “მხევლის წიგნის” გავლენა იგრძნობა Vera Wang-ის, Preen-ის, Valentino-ს, Ellery-ს, The Row-ს, Mara Hoffman-ის და სხვა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ბრენდების კოლექციებში.

This slideshow requires JavaScript.

ატლანტაში, კინოს მუზეუმში SCAD FASH 1 მაისს გამოფენა სახელწოდებით Dressing for Dystopia გაიხსნება, სადაც “მხევლის წიგნის” კოსტიუმებს გამოფენენ – კაბებს, მანტიებს, თავსაფრებსა და აქსესუარებს, რომლებიც ენ კრატბრიმ შექმნა.

 

კომენტარი
%d bloggers like this: