ნაცარქექია და საქართველო (ზღაპარი დიდებისთვის)

ეს პატარა წერილი („ზღაპარი“) ეძღვნება შემდეგ საკითხს: დავივიწყოთ, თუ გავიხსენოთ „ნაცარქექია“? ვართ თუ არა, ნაცარქექიები? განსხვავება ნაცარქექია-ფიქრსა და ნაცარქექია-მოქმედებას შორის – ტრაგიკულისა და კომიკურის შესახებ, „ნაცარქექიას“ გავლით… ნაცარქექიას არქეტიპი. ნაცარქექია, როგორც ერის მენტალური პლატფორმა.

მე ყოველთვის მხიბლავდა ეს ზღაპარი, განსაკუთრებით – დასაწყისი, სადაც ნაცარქექია ქექავს ნაცარს და სხვას არაფერს აკეთებს, ნაცრის ქექვაში ათენებს-აღამებს. მას შემდეგ, რაც რძალი საწყალ (სასაცილო) ნაცარქექიას გარეთ გაუძახებს, ამ ზღაპრის მომხიბვლელობა ჩემთვის ნახევრდება: ნაცარქექია იწყებს სხვანაირ მოქმედებას, რეალიზმის ჟანრიდან ფანტასტიკაში გადავდივართ. ნაცარქექია-უსაქმური ხდება ერთგვარი ნაცარქექია-მაგი, რომელიც ყველსა და სადგისს ითხოვს. რძალი, რა თქმა უნდა, ნაცარქექიას წასვლით გახარებული, აძლევს ამ ნივთებს.

ნაცარქექიას შემოეყრება დევი. ეს დევი ცოტა ბრიყვია, ცოტა ბრმაცაა (სადგისს და ყველს ვერ ხედავს) და რა თქმა უნდა, ბოროტიც, ვინაიდან დიდი, ძალიან დიდი ძალა აქვს, ანუ შეუზღუდავი ძალაუფლების პატრონია. დევი ტირანია. ნაცარქექია გასაკვირად გაბედული და უშიშარია დევის მიმართ. მას არა მხოლოდ დევის ფსიქოლოგია ესმის ძალიან კარგად, არამედ საკუთარი ძალისაც სჯერა (საიდან მოიპოვა მან ეს ძალა, მთელი ცხოვრება თუ ნაცარს ქექავდა?!). კისერზე შემისვი და მდინარეზე გადამიყვანე! – უბრძანებს დევს. დევი გაოგნებულია: ლილიპუტი ნაცარქექია როგორ უბედავს ამდენს?! როცა დევი ნაცარქექიას კისერზე დაისვამს, ეს უკანასკნელი კისერში სადგისს არჭობს, რითაც თავის წონას უჩვენებს. დევი თხოვს, უმალვე ისევ ცას გამოეკიდოს, ვინაიდან ნაცარქექიას წონის ნაწილიც კი აუტანელია. მანამდე ნაცარქექია ქვას (ყველს) წვენს ადენს – დევს ასე უმტკიცებს თავის ძალას. მსგავსი იაფფასიანი ოინებით ნაცარქექია ბოლომდე იმარჯვებს.

სრულიად ფანტასტიკური ზღაპარია. იგი არ კვდება. მას უყვებიან ყოველი მომდევნო თაობის ბავშვებს და ისინიც მშვიდად იძინებენ, მაგრამ ფანტასტიკის მიღმა ეს ზღაპარი ასევე შესაძლებელია წავიკითხოთ, როგორც სავსებით რეალისტური ამბავი, პიესა გამართული დრამატურგიით, რეალიზმის ჟანრიდან. ამ შემთხვევაში ზღაპრის ნაცვლად მივიღებთ ნამდვილ ფილოსოფიას, სადაც არაფერია შელამაზებული, არამედ ყველაფერი ისეა, როგორც ხდება ხოლმე. ამისთვის, რაც მოქმედებაა, ფიქრად უნდა ვაქციოთ.

ამ ვერსიით, ნაცარქექია კი არ მოქმედებს, არამედ ფიქრობს. ხვდება, რომ ვერაფერს აკეთებს, მოკლებულია ყოველგვარ შესაძლებლობას, ასპარეზს, პერსპექტივას, სხვის (რძლის) ხარჯზე ცხოვრობს და ვერაფერს აწყობს (ნაცარში იქექება). სევდიანი ნაცარქექია (ჟილ დელეზის – ფრანგი ფილოსოფოსის აზრით, სევდა  მხოლოდ და მხოლოდ უძლურებიდან მოდის) ფიქრებში იძირება. რძალი უყვირის: გაეთრიე ეხლავე სახლიდან! პარაზიტო შენ! დამპალო! ნაცარქექია სახლიდან მიეთრევა… რა ტრაგიკულია!.. რა ქნას ნაცარქექიამ გარეთ, მარტომ?.. მას ხომ ასე ძალიან ეშინია გარეთ ყოფნის და მარტო დარჩენის?! ნაცარქექია ძილ-ბურანში გაეხვა. გარეთ დევებია… მთელი ძალაუფლება მათ აქვთ… ისინი, დამპლები, ჰაერში ჭიამაიას და მიწაზე ჭიანჭველას არ გააჭაჭანებენ!.. მაგრამ ნაცარქექია უნდა გადარჩეს! რადგან ნაცარქექია უბრალოა… მართალია… არაფერი გაუკეთებია, მაშასადამე არანაირი ბრალიც არ მიუძღვის. განა, მისი ბრალია, რომ სამსახური არ აქვს?! განა, მისი ბრალია, რომ მფარველი არ ჰყავს?! რომ არც ერთი დევი, დევუკაც კი მისი ნათესავი არ არის?! აი, მონა, ნაცარქექია არასდროს გახდება! არავის არაფერს გაუკეთებს ისეთს, რაც თავს დააკარგვინებს! ურჩევნია, ნაცარი ქექოს და რძლის წრუქი სვას, თუნდაც გულძმარვა დაემართოს და კუჭი ეწვოდეს, თუნდაც ძმრით დათვრება, მაგრამ ბოროტების და გარყვნილების მხარეს არ დადგება!

აი, ასეთი სუფთაა ნაცარქექია! სუფთა მარგინალი. ჯანყდება მარგინალის სული და დევის დამარცხების მეთოდს იგონებს. ზღაპარში ფიქრია აღწერილი, რომელსაც ბავშვებს მოქმედების სახით ვუყვებით, რათა არ მობეზრდეთ, თორემ ჩვენთვის, დიდებისთვის ეს ფილოსოფიაა, პროგრამაა, მოქმედების წესი და კანონია, ეთიკის კოდექსია, ჩვენი სულია, ქართველი ერის იდენტობაა, მისი განვითარების ხერხი და მატრიცაა. რასაც ჩვენ „განვითარებას“ ვეძახით, ნაცარქექიას მითიურ წრეში ტრიალია, ეპოქათა შესატყვისი ფორმაცვალებით.

მარგინალი ერი ვართ. ჩვენ გარშემო სულ დევებია (დიდი სახელმწიფოები), მაგრამ როგორც კი რძალი გარეთ გაგვაგდებს (დამოუკიდებლობას მოვიპოვებთ, მოქმედების თავისუფლება მოგვეცემა), დევს კისერზე მოვაჯდებით და სადგისს ჩავარჭობთ, ყველს ხელს მოვუჭერთ და ქვიდან წყლის დენად შევრაცხავთ! შეიძლება ითქვას, მთელი სამყარო დევია. სადგისი არის ყველაფერი: „ვეფხისტყაოსანი“, „კავკასიური ცარცის წრე“, ბათუმი, სიღნაღი, ხინკალი, რის თქმა და ჩვენებაც შეიძლება. თუმცა, დევები ვითარდებიან, ძალასთან ერთად გონებაც ემატებათ და ყველი ქვაში აღარ ეშლებათ… მაგრამ ნაცარქექიას ძალიან უნდა, დევები სასწაულებრივად დაამარცხოს და როცა თვითონვე მარცხდება, უფრო სწორად თავდაპირველი უდღეურობის (დამარცხებულობის) მდგომარეობას უბრუნდება, გულზე კაეშანი აწვება. ნაცარქექია ხელახლა იწყებს ნაცრის ქექვას და დევებისთვის ახალი მახის მოფიქრებას. მთავარია, ვიდრე მოიფიქრებს, მანამდე რძალმა გარეთ არ გააგდოს…

შესაძლოა, ოდესღაც ყველა ნაცარქექიას თავში გაიელვოს აზრმა: ხომ აჯობებდა, საერთოდ არ ვყოფილიყავით?!

კომენტარი
%d bloggers like this: