ნიკოლა ფილიბერი არის კაცი, ბაბუაწვერას მსგავსი…

თბილისის დოკუმენტური ფილმის ფესტივალი – CinéDOC-TBILISI, 2019 წელს საპატიო რეჟისორ-სტუმრის ამპლუაში ფრანგ რეჟისორს – ნიკოლა ფილიბერს (Nicolas Philibert) მასპინძლობს.

ბატონ ნიკოლას თმები ბაბუაწვერას მიუგავს. ის უკვე ჭარმაგია (როგორც დავით კლდიაშვილი იტყოდა), მოცალეობის მქონე (როგორც რუსთაველი იტყოდა) და უზომოდ შეყვარებული თესლების მიწაში ჩადებასა და იქიდან ჯეჯილის ამოფურჩქნაზე (როგორც თავად ფრანგი რეჟისორი ამბობს)… არ გეგონოთ, რომ რეჟისორი სოფლის მეურნეობის მიმდევარია (თუმცა, გამორიცხული არც ესაა)… ბატონი ნიკოლა ამგვარად უხსნის ქართველ აუდიტორიას ფილმის შექმნის პროცესს… „უფრო მეტად, მე მარცვლებს ვაგროვებ, აქა-იქ, და ვაკვირდები, რა ამოიზრდება აქედან…“ კიდევ ერთი წესი, რომლით ხელმძღვანელობასაც ფილიბერი დოკუმენტური ფილმის შემქმნელებს ურჩევს: „არიან ისეთი რეჟისორები, რომლებიც რაღაცის ჩვენებას ცდილობენ! ისინი ამტკიცებენ რაღაცას! პოზიციებით გამოდიან! როგორც წესი, ასეთი ნამუშევარი კინემატოგრაფიული თვალსაზრისით სუსტია… ნებისმიერი გადაღება ინტერპრეტაციაა, თქვენ არ გეგონოთ რეალობა ის, რასაც ჩემი ფილმიდან ხედავთ… მაგრამ ნუ ეცდებით რამის მტკიცებას! მიყევით იმას, რაც ხდება!..“

9 მაისს (ფაშიზმზე გამარჯვების დღე!..) ნიკოლა ფილიბერის ორი ფილმი აჩვენეს: „ყოფნა და ქონა“ (ფრანგულად მოსაუბრეებმა იციან, რომ „ყოფნა“ და „ქონა“ ფრანგულ ენაში ორი მთავარი ზმნაა, რომელიც აუღლებს სხვებს ზოგიერთ დროში) და „ყოველ წუთსა და წამს“. დღეს, 10 მაისს შედგება მისი მესამე ფილმის – „ცხოველები“ – ჩვენება. სწორედ ეს სამი ფილმი შეირჩა ნიკოლა ფილიბერის შემოქმედების ქართული აუდიტორიისთვის გასაცნობად.

ფილმის ჩვენების შემდეგ, ცრემლიან-ღიმილიანი მაყურებელი უყურებს ბაბუას და ბაბუაწვერებს, რომელსაც ეკრანიდან ჟოჟო (ყველაზე საყვარელი გმირი ფილმიდან – „ყოფნა და ქონა“) სულს უბერავს.

 

კომენტარი
%d bloggers like this: