რა ვნახოთ CinéDOC-Tbilisi-ზე

3-8 მაისს თბილისი უკვე მეექვსედ უმასპინძლებს CinéDOC-Tbilisi-ს – პირველ საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალს სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანიც დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.

წლევანდელი გამოშვების სლოგანია: „ჩაუღრმავდი რეალობას. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს 60-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან, შეხვდეს ფილმის შემქმნელებს და მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში.

ფესტივალს გახსნის ქართველი რეჟისორის ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმი გამჭვირვალე სამყარო. გახსნის ცერემონიალზე გაიმართება ფილმის მთავარი გმირის, ბექა გუჯაბიძის ფოტოგამოფენაც.

წლევანდელ სექციაში “სტუმარი ქვეყანა” წარმოდგენილი იქნება რუმინული დოკუმენტური კულტურა და კინოინდუსტრია. ხოლო საერთაშორისო სტუმრებს შორის არიან: ვილანდ შპეკი (Berlinale), ლენა პასანენი (DOK Leipzig), რეჰად დესაი (Emmy-ს მფლობელი და რეჟისორი ფილმისა „დახვრეტილი მაღაროელები”), ბოგლარკა ნაგი (საუკეთესო პროგრამერის ნომინაციაში გამარჯვებული, 2017 წლის Europa Cinemas Awards-ის მფლობელი).

რუმინული სექციიდან განსაკუთრებულად საინტერესოა ალექსანდრუ სოლომონის ფილმი ტარზანის სათესლე ჯირკვლები. ფილმის სინოფსისში ვკითხულობთ:

სოხუმი პაწაწინა, არაღიარებული რესპუბლიკის, აფხაზეთის დედაქალაქია შავი ზღვის სანაპიროზე. მის ყველაზე მაღალ მთაზე მდებარეობს საბჭოთა კავშირში, 1920 წელს დაფუძნებული სამედიცინო ინსტიტუტი, რომელიც ერთ დროს მაიმუნების კვლევაზე მუშაობდა. ლეგენდის მიხედვით, კვლევების მიზანი მაიმუნისა და ადამიანის ჰიბრიდის შექმნა იყო. ეს არსება, კომუნისტური ხედვის ახალი ადამიანის მსგავსად, სიცოცხლეს არასდროს მოსწრებია. დღეს, წარუმატებელი ექსპერიმენტის მსხვერპლი ადამიანები და მაიმუნები გამოკეტილები არიან ომისაგან და ათწლეულების მანძილზე გამეფებული სიბოროტისგან აოხრებულ ტერიტორიაზე.”

CinéDOC-Tbilisi- პროგრამა ყოველ წელს ბევრ საინტერესო ფილმს გვთავაზობს, რომლიდან რომელიმეს გამოყოფა რთულია, მაგრამ წელს ორს მაინც გირჩევთ, უნგრულ-გერმანულ ფილმს ქალი ტყვეობაში და ფილმს ბობი ჯინიამერიკელ მოცეკვავე ქალზე.

ქართული პანორამა ახალგაზრდა კინორეჟისორების უახლეს დოკუმენტურ ფილმებს აერთიანებს. გარდა ამისა CinéDOC-Tbilisi პირველად თანამშრომლობს რეზო გაბრიაძის თეატრთან, სადაც მაყურებელი იხილავს ლეო გაბრიაძის ანიმაციურ დოკუმენტურ ფილმს „ჰარი ჰარალე დედაო, გადავჯექ კურდღელზედაო”.

ფილმი მოგვითხრობს ქართველ მხატვარზე, მწერალსა და მარიონეტების თეატრის დამაარსებელზე, რეზო გაბრიაძეზე მისივე შექმნილი ნახატების მეშვეობით. ეს არის ავტობიოგრაფიული ანიმაციური დოკუმენტური ფილმი, რომელიც ისეთ თემებს ეხება, როგორებიცაა ადამიანურობა, სიკეთე და სიმხნევე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რთულ პერიოდში.

 

ქართული ფილმების სექციიდან რეკომენდაციას ვუწევთ რატი ონელის მზის ქალაქს, რომელიც მაღაროელების ნახევრად მიტოვებული ქალაქის ყოველდღიურობას ასახავს. ასევე, დიდ ინტერესს იწვევს სალომე ჯაშის ახალი ფილმი ნახევრად შეჭმული ძროხა.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება: ვორკშოპები, მასტერკლასები და ინდუსტრიული შეხვედრები ახალგაზრდა რეჟისორებისა და პროდიუსერებისათვის. დეტალური ინფორმაცია ფესტივალის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ CinéDOC-Tbilisi-ს ოფიციალურ გვერდზე: www.cinedoc-tbilisi.com

კომენტარი
%d bloggers like this: