რუსუდან ხიზანიშვილის გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში

3 მარტს, საღამოს 5 საათზე ლიტერატურის მუზეუმში ფერმწერ რუსუდან ხიზანიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართება. გამოფენა მოიცავს 2017 – 2018 წლებში შექმნილ ნამუშევრებს. ტილოებზე მხატვრის ცხოვრება გრაფიკულადაა აღწერილი, სიზმრები რეალობადაა ახდენილი და მათზე ავტორის ფიქრები და შიშველი, შემაშფოთებელი ემოციების კვალია აღბეჭტილი. რუსუდანი არაერთი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის მონაწილეა. 2015 წელს ის ვენეციის ბიენალეს მონაწილე იყო.


„რუსუდანი საქართველოში ცხოვრობს. ის საკუთარ გულწრფელ ნამუშევრებს ნაცრისფერი ქალაქის ნაცრისფერ სახელოსნოში ქმნის და მთლიანობაში ეს მისი შინაგანი მღელვარების ნეო-ექსპრესიონოსტულ გამოხატვას ემსახურება. რუსუდანის ნამუშევრები გაურბიან ეთნიკურ ელემენტებს. იგი ქმნის ფერებისა და ფორმების ისეთ სქემებს, რომლებიც თავისი პლასტიურობით და ფოკუსით აბსოლუტურად დასავლურია. გლობალურ ისტორიას, რომელსაც რუსუდანი ამ გამოფენაში უსვამს ხაზს, ორი სხვადასხვა მხარე აქვს და ორივე იმ ეგზისტენციურ შფოთვას ასახავს რომელიც რეალობასთან მიმართებით სუბიექტურია” –  წერს ნანა მდივარი რუსუდანის ნამუშევრების რეცენზიაში.

კომენტარი
%d bloggers like this: