რომელი საბავშვო ფილმი მოსწონთ ბავშვებს CinéDOC TBILISI 2019-ზე

თბილისის დოკუმენტური ფილმის ფესტივალს წელსაც არ დავიწყებია საბავშვო/საყმაწვილო ფილმების განყოფილება.

Cinédoc Young-ის სახელის ქვეშ, წელს 9 ფილმი იქნება ნაჩვენები, რომელთაგან სამს უკვე დავესწარით.

„ღრუბლების ხილი“ ანიმაციაა (ჩეხეთი 2017, რეჟ. კატერინა კარანკოვა), რომელიც სოროში მცხოვრებ პატარა დათუნიებზე მოგვითხრობს. ისინი ციდან (ღრუბლებიდან) ჩამოცვენილ, მანათობელი ბამბის მსგავს ხილს მიირთმევენ და ამ ხილით სიბნელესაც ანათებენ. ხილის ცვენა წყდება. სოროს ტყე აკრავს. დათუნიებს ბნელ ტყეში შესვლის ეშინიათ. ერთი დათუნია მაინც შედის ტყეში, გაბედავს, და მანათობელი ხილით გადავსებულ მინდორს აღმოაჩენს. იგი ხილით ინათებს ბნელ ტყეს, რათა მეგობრებიც აზიაროს აღმოჩენილ მდიდარ სამყაროს.

„პუნამის ბედნიერება“ (დანია 2017, რეჟ. იანს პედერსენი) მოგვითხრობს 14 წლის ინდოელ გოგონაზე, რომელსაც მამა ერთ იქაურ ბიჭზე ათხოვებს იმის გამო, რომ ბიჭის ოჯახი ყველაზე ცოტა სამზითვო თანხას ითხოვს. პუნამი და ბიჭი ერთმანეთს ეწყობიან (ქორწინებამდე ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ). პუნამს ვაჟიშვილიც ეყოლება, რის გამოც ბიჭის ოჯახი მას უფრო აფასებს (ვაჟიშვილი მზითვის შემომტანია). ერთადერთი, რაც პუნამს ანაღვლებს, სწავლაა. მამამთილი პუნამის სკოლაში სიარულის იდეას ეწინააღმდეგება. იმისთვის, რომ მან პუნამს სწავლის უფლება მისცეს, პუნამის მამას მოტოციკლსა და გარკვეული თანხის გადახდას სთხოვს…

„ნავსადგურის ბიჭები“ (ნიდერლანდები 2018, რეჟ. მარიამ მარკსი) მოკლე ფილმია, რომელიც გვიჩვენებს ჰოლანდიის საპორტო ქალაქ ჰეიპლაატში მცხოვრებ, განსხვავებული წარმოშობის (თურქი, სურინამელი, სირიელი, ჩინელი, ჰოლანდიელი) ხუთ პატარა ბიჭს, რომლებიც ერთმანეთს ემეგობრებიან და მცურავი სატვირთო ტანკერების გვერდით ბანაობენ…

რა კარგია, რომ ბავშვები ასეთ ფილმებს უყურებენ! ყველამ შეგვიძლია გავიხსენოთ, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენს ბავშვობაში მომხდარ მსგავს შემთხვევებს, როდესაც ფილმის საყურებლად, კონცერტზე, თუ ცირკში მივყავდით… უფრო კარგი იქნება, როცა საბავშვო კინოთეატრები (ერთჯერადი, ან სეზონური მაინც) გაიხსნება სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში და საბავშვო საავტორო ფილმებს მთელი საქართველოს ბავშვები ნახავენ!

როგორც შევნიშნეთ, ბავშვები ფილმების სერიოზული შემფასებლები არიან!.. მათი გული ხომ წმინდაა და ყველაფერს სუფთად აღიქვამს!.. ძნელია, გაუმკლავდე ბავშვის ძლიერ და ღრმა წარმოსახვას და მათ ღირსეული პროდუქტი შესთავაზო!.. მცირე ასაკში ანიმაცია ამ საკითხს, ვფიქრობთ, უფრო უმკლავდება, ხოლო მოზრდილ ასაკში ყმაწვილებს უკვე პრობლემაზე ორიენტირებული ფილმები აინტერესებთ. მაგალითად, 11 წლის სანდროს სამი ფილმიდან ყველაზე მეტად „ღრუბლების ხილი“ მოეწონა იმიტომ, რომ „დათუნიამ გაბედა ტყეში შესვლა და თავის მეგობრებს დაეხმარა“, ხოლო 17 წლის მიშო მირცხულავასთვის ყველაზე საინტერესო მეორე ფილმი იყო – „პუნამის ბედნიერება“, „ვინაიდან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას ეხება, რომელიც არც საქართველოსთვისაა უცხო, არა იმდენად დიდ ქალაქებში, რამდენადაც სოფლებში…“

მოყვარულმა ფოტოგრაფმა დიმიტრი ნაროუშვილმა სეანსის დროს ბავშვების გაოცებული სახეები აღბეჭდა.

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: