უმბერტო ეკოს “ვარდის სახელს” და პატრიკ ზიუსკინდის “სუნამოს” სერიალად აქცევენ

The Hollywood Reporter-ის ცნობით ერთდროულად რამდენიმე კომპანია მუშაობს ბესთსელერებად ქცეული წიგნების ეკრანიზაციებზე.

სტუდია TMG მუშაობას იწყებს 8 ეპიზოდისგან შემდგარ სერიალზე “ვარდის სახელი”, რომელიც უმბერტო ეკოს ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შეიქმნება და ალპებში, მონასტერში მომხდარ საიდუმლოებით მოცულ მკვლელობაზე მოგვითხრობს. სერიალში მონაწილეობას რუპერტ ევერეტი და ჯონ ტურტურო მიიღებენ. გადაღებები უკვე მიმდინარეობს იტალიაში, პრემიერა კი 2019 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ეკოს რომანის პირველი ეკრანიზაცია 1986 წელს გამოვიდა, მთავარ როლებს კი შონ კონერი და კრისტიან სლეიტერი ასრულებენ.

კომპანია Netflix და გერმანული სტუდია Constantin Film გერმანელი პროზაიკოსისა და დრამატურგის პატრიკ ზიუსკინდის რომანის “სუნამო. ერთი მკვლელის ისტორია” ეკრანიზაცია განახორციელებენ. 1985 წელს გამოსული წიგნის პირველი ეკრანიზაცია 2006 წელს ტომ ტიკვერმა გადაიღო.

 

ამას გარდა, BBC ინგლისელი მწერლის ჯონ ლე კარეს წიგნის “პატარა მედოლე” ადაპტაციაზე მუშაობს. ლე კარე თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ეკრანიზებადი ავტორი და ჯაშუშური ისტორიების ოსტატია. სხვადასხვა წლებში მისი წიგნების მიხედვით გადაიღეს ფილმები “ერთგული მებაღე” მთავარ როლში რეიფ ფაინსით, “ჯაშუშო, მოშორდი!” გარი ოლდმანით და მინი-სერიალი “ღამის ადმინისტრატორი” ტომ ჰიდლსტონისა და ჰიუ ლორის მონაწილეობით. “პატარა მედოლეს” რეჟისორი “ოლდბოის” შემქმნელი კორეელი პაკ ჩხან უკი გახდა.

სტრიმინგ-სერვისმა Hulu-მ, რომელიც მარგარეთ ეტვუდის “მხევლის წიგნის” ეკრანიზაციით არის ცნობილი, სათანამშრომლოდ ჯორჯ კლუნი მიიწვია და ჯოზეფ ჰელერის წიგნის “ხრიკი-22″(Catch-22) მიხედვით 6-ეპიზოდიანი სერიალის შექმნას გეგმავს. პროექტში  მონაწილეობას Paramount TV-იც იღებს. 60-იან წლებში აბსურდული მანერით დაწერილი წიგნი მეორე მსოფლიო ომის პერიოდს ასახავს.

ხმამაღალი სახელები ბევრ საინტერესო ამბაბს გვპირდება, ასე რომ, პრემიერებს დაველოდოთ.

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: