ყველაფერი კანის კინოფესტივალის შესახებ

ხვალ კანის 71-ე ფესტივალი, უმთავრესი და ყველაზე ავტორიტეტული კინომოვლენა, საზეიმოდ გაიხსნება. როგორ დაარსდა კანის კინოფესტივალი, როგორ მუშაობს და რატომ ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან ფესტივალად არსებულებს შორის?

 

როგორ გაჩნდა კანის კინოფესტივალი

1932 წელს პირველი ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი –  ვენეციის კინოფესტივალი დაარსდა. 1938 წელს კინომანმა ფაშისტმა დიქტატორმა ბენიტო მუსოლინიმ, რომელსაც კინოს გავლენიანობის სჯეროდა, ფესტივალი ხელში ჩაიგდო. მის პოზიციას ადოლფ ჰიტლერიც იზიარებდა. ამ ფაქტმა ფილმების შერჩევასა და პრიზების გადაცემაზე გავლენა მოახდინა. ვენეციის ფესტივალი ნაცისტური პროპაგანდის იარაღად იქცა.

აღშფოთებული ფრანგები სიტუაციას ვერ გეეგუენ და საკუთარი ფესტივალის ჩატარება გადაწყვიტეს. რამდენიმე საკურორტო ქალაქიდან კანი შეარჩიეს. თარიღიც დანიშნეს – 1939 წლის 1-20 სექტემბერი, მაგრამ 1 სექტემბრის დილას ჰიტლერი პოლონეთში შეიჭრა და პირველ კანის ფესტივალზე ერთადერთი სეანის ჩატარება მოასწრეს. ეს იყო უილიამ დიტერლეს ფილმი “კუზიანი ნორტ-დამიდან”, რომელიც 30-იანი წლების დასაწყისში გერმანიიდან აშშ-ში გადავიდა. კანის ფესტივალი მხოლოდ ომის შემდეგ, 1946 წლის შემოდგომაზე განახლდა. ის ოფიციალურად რიგით პირველად ითვლება.

This slideshow requires JavaScript.

 

როგორ ხვდებიან ფილმები კანის ფესტივალზე

კანის ფესტივალმა პროგრამის დამოუკიდებლად შედგენა მხოლოდ 1972 წელს დაიწყო, მანამდე მონაწილე ქვეყნები არჩევდნენ და აგზავნიდნენ ფილმებს. 1972 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფილმებს ფესტივალის გუნდის წევრები – კინოკრიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც მჭიდრო კავშირში არიან კინოსთან, შეარჩევდნენ. ისინი წელიწადში დაახლოებით 2000 ფილმს უყურებენ, აქედან 20 ფილმი ძირითადი, ხოლო რამდენიმე ათეული ნამუშევარი სხვა პროგრამებისთვის ირჩევა.

ნებისმიერ ფილმს აქვს ფესტივალზე მოხვედრის შესაძლებლობა, თუ ის შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. მთავარი კრიტერიუმი ფილმის მხატვრული ღირებულებაა.

 

ბატონი პროგრამული დირექტორი

გადამწყვეტი სიტყვა ფილმის პროგრამაში ჩართვისას ფესტივალის პროგრამულ დირექტორს ეკუთვნის. 1978-დან 2001 წლამდე ეს პოსტი ლეგენდარულ ჟილ ჟაკობს ეკავა. სწორედ მან აღმოაჩინა ლარს ფონ ტრიერი და კვენტინ ტარანტინო. 2001 წლიდან ჟაკობი ტიერი ფრემომ შეცვალა. ფრემო ფესტივალის ხელმძღვანელობის გარდა, სხვა საქმეებსაც აგვარებს. მისი გადაწყვეტილებით 2018 წლიდან წითელ ხალიჩაზე სელფების გადაღება აიკრძალა. აგრეთვე, ფესტივალზე აღარ დაუშვებენ Netflix-ის კუთვნილ ფილმებს.

 

 ჟიური

ქეით ბლანშეტი

კანის ფესტივალის ჟიურის იგივე ადამიანები ნიშნავენ, ვინც საკონკურსო ფილმებს არჩევს.  ჩვეულებრივ ჟიური შედგება მსახიობებისგან, რეჟისორებისგან და კინოკრიტიკოსებისგან. წელს ჟიურის თავმჯდომარე ქეით ბლანშეტი იქნება, ბენისიო დელ ტორო კი “განსაკუთრებული ხედვის” სექციას უხელმძღვანელებს.

პროგრამული კალეიდოსკოპი

კანის კინოფესტივალს 4 ოფიციალური საკონკურსო პროგრამა აქვს. ძირითადი პროგრამის ფილმები “ოქროს პალმის რტოსთვის” იბრძვიან. მონაწილე ფილმები ეკრანებზე ფესტივალამდე 12 თვის მანძილზე უნდა იყვნენ გამოსული. პროგრამაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ფილმი, რომელიც გაქირავებაშია ჩაშვებული სხვა ქვეყანაში მწარმოებელი ქვეყნის გარდა ან მონაწილეობა აქვს მიღებული სხვა ფესტივალში. ამ სექციაში თითქმის არასდროს ხვდება სადებიუტო ფილმი.

“განსაკუთრებული მზერა” მნიშვნელობით მეორე ადგილზეა. ამ სექციაში ტიერი ფრემოს თქმით, მონაწილეობენ ფილმები განსაკუთრებული ესთეტიკური გადაწყვეტით. სექციის გამარჯვებული ფილმი ფრანგულ გაქირავებისგან მხარდაჭერას იღებს.

პროგრამა “სინეფონდასიონ” სტუდენტურ ფილმებს აერთიანებს, რომლეთა ქრონომეტრაი 1 საათს აჭარბებს. წინა ორი სექციისგან განსხვავებით აქ არაა აკრძალვა გაქირავებაზე ან ქსელში განთავსებაზე, ისევე, როგორც  მეოთხე – მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში.

გარდა ამისა, კანის კინოფესტივალი არასაკონკურსო ფილმებს არჩევს. ტარდება სპეციალური ჩვენებები, სეანსები კინოთეატრში სანაპიროზე და კლასიკად ქცეული კინოსურათების ჩვენებები. ამ ფილმებსაც ფესტივალის თანამშრომლები არჩევენ.

ასევე, ტარდება პარალელური სექციები – “ორკვირეული რეჟისორებისთვის”, “კინოკრიტიკოსთა კვირეული” და უამრავი მცირე კალიბრის აქტივობა. მათ ცალკე კურატორები და ჟიური ჰყავთ.

ჯულია რობერტსი და ჯორჯ კლუნი

 

რატომ არის კანის კინოფესტივალი სხვებზე მნიშვნელოვანი

კირსტენ დანსტი, ნიკოლ ქიდმანი, ელ ფენინგი

კანის კინოფესტივალი ჩაიფიქრეს როგორც ვენეციურის ოპოზიცია. ფესტივალი კურსს არ ცვლის, თუმვა ვენეციის ნაცვლად ჰოლივუდის ალტერნატივას წარმოადგენს. მასზე წარმოდეგენილი ფილმებისა და რეჟისორების უმრავლესობა საინტერესო ხდება პროდიუსერებისა და ფართო აუდიტორიისთვის.

კანის ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმებით ზუსტად შეიძლება მიმდინარე წლის აქტუალური კინოტენდენციის განსაზღვრა. “ოქროს პალმის რტოს” მფლობელი ბევრი ფილმი კლასიკად იქცა: ფელინის “ტკბილი ცხოვრება”, კოპოლას “აპოკალიფსი დღეს”, სკორსეზეს “ტაქსისტი”, ჟაკ დემის “შერბურის ქოლგები”, ტარანტინოს “მაკულატურა” და სხვები.

 

როგორც მოვხვდეთ კანის კინოფესტივალზე

კანი ძირითადად კინოში მომუშავე პროფესიონალებისთვისაა. ყველაზე მარტივია მასზე მონაწილის, ჟურნალისტის(ცნობილი გამოცემის) ან ჟიურის წევრის სტატუსით მოხვედრა. თუმცა არსებობს “მოწვეული სტუმრის” კატეგორიაც, რომელშიც კანში ადრე ნამყოფი კინომატოგრაფისტები ან ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით შერჩეული ადამიანები ხვდებიან. და რა თქმა უნდა, კანის კინოფესტივალი წარმოუდგენელია წითელი ხალიჩის გარეშე.

ასევე შესაძლებელია სინეფილის აკრედიტაციის მიღება თუ კინოკლუბის ან კინოსკოლის სტუდენტი ხართ, მაგრამ ამ შემთხვევაში შთამბეჭდავი სამოტივაციო წერილის დაწერა მოგიწევთ.

ან უბრალოდ ფესტივალის საიტზე მოხალისედ ჩაეწერეთ, საკუთარი ხარჯით გაემგზავრეთ და მონაწილეობას მიიღეთ კინოსამყაროს გრანდოზულ მოვლენაში.

კომენტარი
%d bloggers like this: