ყველაფერი ფილმზე „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“

9 ნოემბერს კინოთეატრების ეკრანებზე აგათა კრისტის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი „მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში“ გამოვიდა. ფილმის რეჟისორი ცნობილი „შექსპიროლოგი“ კენეტ ბრანაა, რომელიც ამავდროულად გენიალური ბელგიელი დეტექტივის როლს თამაშობს. ბრანას სარეჟისორო ფილმოგრაფიაშია „ჰენრიჰ V”, „აურზაური არაფრის გამო“, ასევე „კონკიას“ უკანასკნელი ეკრანიზაცია და „თორის“ პირველი ეპიზოდი.

ფილმი ზუსტად იმეორებს წიგნში აღწერილ მოვლენებს. ფეშენებელური ექსპრესში ადამიანს კლავენ. მკვლელი 13 მგზავრთაგან ერთ-ერთია, რომელთა შორისაა უნგრელი გრაფი, მექსიკელი მეწარმე, რუსი დიდგვაროვანი ქალბატონი გერმანელი მოახლით, აფროამერიკელი ექიმი … ინტერნაციონალურ ნაკრებში რასისტული განწყობა მძლავრობს, თავდაპირველად მგზავრებს ეჭვი ერთმანეთზე სწორედ კანის ფერიდან გამომდინარე მიაქვთ.

მაყურებელს ფილმში პირველ რიგში მსახიობთა ვარსკვლავური ნაკრები მიიზიდაბს. კენეტ ბრანა, როგორც უკვე ვასხენეთ, ჯონი დეპი, მიშელ პფაიფერი, ჯუდი დენჩი და პენელოპა კრუსი. ასევე, ბრანამ „ვარსკვლავური ომებით“ ცნობილი დეიზი რიდლი და რუსი მოცეკვავე სერგეი პოლუნინი მიიწვია. კინოსა და დეტექტივის მოყვარულებმა იციან, რომ ბრანას მოუწია კონკურენცია გაეწია იგივე ნაწარმოების სინდი ლუმეტისეული ვარიანტისთვის, რომელში ლეგენდად ქცეული შონი კონერი, ინგრიდ ბერგმანი და ვანესა რედგრეივი თამაშობენ.

ბრანამ კრისტის ტექსტი ზუსტად გადაიტანა, ყურადღება კი ორ მომენტზე გაამახვილა – რასობრივ დისკრიმინაციასა და ძველ ევროპაზე ნოსტალგიაზე. ფილმი თეატრალურ წარმოდგენას ჰგავს და ძველი ტრადიციების დაცვით, აჩქარების გარეშეა გადაღებული. მხოლოდ პუაროს ულვაშის ნახვა რად ღირს, რომელიც თითქოს ეს-ესაა მოსძვრება.

მართალია, კრიტიკოსების შეფასება Rotten Tomatoes-ზე საშუალოს ოდნაც სცდება – 58%, მაგრამ თუ ფილმი მაყურებლის დადებით შეფასებას დაიმსახურებს, ბრანას კრისტის სხვა ნაწარმოების ეკრანიზაციასაც შესთავაზებენ. დაახლოებით ერთი წლის წინ ბრიტანულმა კომპანიამ BBC განაცხადა, რომ მომდენო ოთხი წლის განმავლობაში აგათა კრისტის შვიდი ნაწარმოების ეკრანიზაცია განახორციელებს.

აგათა კრისტის შემოქმედებით ჰოლივუდიც დაინტერესდა. ცნობილია, რომ ბენ აფლეკი მწერლის ერთ-ერთი პიესის მიხედვით ფილმის გადაღებას აპირებს, ალისია ვიკანდერი და ემა სთოუნი კი თავად მწერლის როლს შეასრულებენ კომპანიების Sony და Paramount ბიოგრაფიულ პროექტებში.

კომენტარი
%d bloggers like this: