ნიკოლა ფილიბერის „ყოველ წუთსა და წამს“ CinéDOC-TBILISI 2019-ზე

CinéDOC-TBILISI 2019-მა საოცარი საჩუქარი უძღვნა ქართველ კინო-მაყურებელს ნიკოლა ფილიბერის მოწვევითა და მისი სამი ფილმის ჩამოტანით. ამ წერილში შევეხები ბატონი ფილიბერის ფილმს – „ყოველ წუთსა და წამს“, რომელიც კინოთეატრ „ამირანში“ 2019 წლის 9 მაისს აჩვენეს.

2015 წელს, სტამბულის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ბედნიერება მქონდა მეხილა თურქი დრამატურგისა და რეჟისორის – ოზენ ულას სპექტაკლი-რეალითი შოუ შეიძლება ასე ითქვას, რომელიც მიმდინარეობდა ინტენსიური თერაპიის პალატაში და ასახავდა პროცესს მძიმე პაციენტებს, მათ ახლობლებსა და ექიმებს შორის.

სპექტაკლი მაქსიმალურად უახლოვდებოდა რეალობას, ოზენ ულას მიზანი სწორედ ეს იყო. რეჟისორი ამ სპექტაკლის შექმნამდე მიიყვანა საკუთარი მშობლების დაღუპვამ, რომელთაც მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწიათ სწორედ ინტენსიური თერაპიის პალატაში. დიდმა ტანჯვამ თავისი მშობლების გამო ულას ტყავზე სწორედ ინტენსიური თერაპიის გავლით გადაიარა.

სპექტაკლის მანძილზე მაყურებლები საწოლებს შორის დავდიოდით, პაციენტების, მათი ახლობლებისა და ექიმების გვერდით ვიდექით. ეს ძალიან სულისშემძვრელი იყო. მახსოვს, როგორ ამიტყდა ტირილი და სპექტაკლის დასრულების შემდეგაც ვერ გავჩერდი, როდესაც ერთ-ერთ პაციენტთან მოვიდა მისი საცოლე, არაბი ქალი, თავშალშემოხვეული და ხმამაღლა ლოცვა დაიწყო… გამახსენდა ყველა ტკივილი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მომხდარიყო და იმდენი ცრემლი წამომივიდა, რომ ცხვირსახოცმაც ვერ შეაკავა.

სწორედ ეს სპექტაკლი გამახსენა ფილიბერის ფილმმა, 4 წლის შემდეგ… ფილმი იღებს ექთან-სტაჟიორებს, იმ დროიდან, როდესაც ისინი ნემსის გაკეთებას ფიტულზე სწავლობენ, იმ დროის ჩათვლით, როდესაც ნამდვილ პაციენტებთან უწევთ მუშაობა… ფილმი სამი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში ასწავლიან თეორიულად, მეორე ნაწილში – ფიტულზე, ხოლო მესამე ნაწილში სტუდენტები ნამდვილ პაციენტებთან მიჰყავთ. ნამდვილი პაციენტების გამოჩენით იწყება ამ ფილმის კულმინაცია. ეს ფილმი საოცრად წარმატებულად გვაჩვენებს იმას, რომ ორივე მხარეს ადამიანია. უფრო მეტიც, საათ ნახევრის მანძილზე იგი იმასაც ახერხებს, რომ მესამე მხარეც – მაყურებელი, ასევე ადამიანად აქციოს.

ნიკოლა ფილიბერის შემძვრელი ფილმის ყურებისას ვიეჭვე, რომ რეჟისორს აუცილებლად უნდა ჰქონოდა რაღაც შემთხვევა საავადმყოფოსთან, სხვანაირად ასეთ უშუალო და ღრმა ფილმს ვერ გადაიღებდა, რაც გამართლდა: ბატონმა ნიკოლამ ბრძანა, – ორი კვირის მანძილზე საავადმყოფოში მოუწია მკურნალობამ, რა დროსაც აღმოაჩინა ექთნის მძიმე და დაუფასებელი შრომა, რომელიც მოითხოვს მისგან აღუწერელ ჰუმანიზმსა და თავგანწრივას.

ფილიბერის ამ ფილმის შემდეგ, ჩვენთვის არასასურველი და არასასიამოვნო ადგილი – საავადმყოფო სხვანაირად სასიამოვნო და საინტერესო ხდება…

 

კომენტარი
%d bloggers like this: