CHANEL კრუიზი 2018/19 და ისტორია გემ “La Pausa”-ს მიღმა

პარიზის გრან-პალეს პავილიონმა კარლ ლაგერფელდის ხელში რა არ ნახა, ატრაქციონების პარკით დაწყებული შემოდგომის ნისლიანი ტყით დამტავრებული.

ამჯერად, დიზაინერმა საგანგებოდ, საკრუიზო კოლექციის ჩვენებისთვის ცნობილი გამჭვირვალე თაღის ქვეშ გემი სახელად “La Pausa” შემოაცურა.

ლაგერფელდმა ახალ კოლექციაში ტრადიციულ თეთრ ფერს და ზოლებს დენიმი, საყვარელი ტვიდი და ყვითელი და ვარდიფერი ფერები დაუმატა, პოდიუმზე კი დები ჰადიდები და ბარბარა პალვინი დასეირნობდნენ. პირველი რიგიც ვარსკვლავებით გაივსო. ჩვენებას Chanel-ის სახლის ახალი თაობის სახეები -კრისტინ სტიუარტი, მარგო რობი და ლილი როუზ-დეპი დაესწრნენ.

კოლექციაში ჭარბობდა ორბორტიანი ჟაკეტები, პრიალა ტყავის შარვალ-კოსტიუმები და სიახლე – ბერეტები. აქსესუარები კი სამაშველო რგოლის ფორმის ჩანთები, “მერი ჯეინის” სტილის ფეხსაცმელი და მრგვალი მზის სათვალეები, ეჭვგარეშე, ყველა მოდური პერსონისთვის სასურველი ნივთი იქნება.

თავად საკრუიზო გემის სახელი “La Pausa” ლაგერფელდის ფანტაზიის ნაყოფი არ არის. ის რეალურად არსებული ვილის სახელია, რომელიც კოკო შანელმა 1928 წელს ააგო მონტე კარლოს ფრანგულ რაიონში, ფრანგული რივიერის აღმოსავლეთ ბოლოში. ვილის არქიტექტორი რობერტ შტრაიცი იყო, რომელმაც ნაგებობა კოკოსა და მისი იმ დროინდელი სატრფოსთვის, ვესტმინსტერის ჰერცოგ ჰიუ გროსვენორისთვის დააპროექტა. “La Pausa” ძალიან გავდა იმ მონასტერს, სადაც შანელმა ბავშვობის დიდი ნაწილი გაატარა და დიზაინერის მფლობელობაში მყოფი ერთადერთი სახლი იყო, რომელიც კოკომ 1953 წელს გაყიდა. თუმცა, ვილის სახელი დავიწყებას არ მისცემია. მისი ანარეკლია  28 La Pausa – სუნამო ირისის სურნელით.

ჩვენების ფინალში თოლიების კივილის და Pet Shop Boys-ის ჰიტის Go West ფონზე კარლმა სტუმრები “La Pausa”-ს ბორტზე მიიპატიჟა.

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: