Dolce & Gabbana Alta Moda-ს ჩვენება ნიუ-იორკში

გუშინ ნიუ-იორკში Dolce & Gabbana Alta Moda-ს ჩვენება გაიმართა. ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის შემდეგ, სადაც ბრენდის საიუველირო ნაწარმის გამოფენა, ხოლო როკფელერ-ცენტრში მამაკაცის ხაზის, Alta Sartoria-ს ჩვენება გაიმართა, მესამე მნიშვნელოვანი ლოკაცია მეტროპოლიტენ-ოპერა გახდა.

ცენტრალური კიბე ტოტებით და ვარდისფერი ბუჩქებით დაიფარა და პოდიუმად იქცა. დიზაინერებმა კოლექცია ნიუ-იორკს მიუძღვნეს. მოცულობითი კაბები დაფარული იყო ქალაქის ცნობილი შენობების, თავისუფლების ქანდაკებისა და ამერიკული დროშის პრინტებით. პოსდიუმზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ნაომი კემპბელი, კარლი კლოსი, ჯოან სმოლსი, ეშლი გრემი. მათ შეუერთდნენ ცნობილი ოჯახების წარმომადგენელი გოგონები, მაგალითად სონია ბენ ამარი და ლორი ჰარვი. პოდიუმზე ბრწყინავდა 69 წლის მეი მასკი.

ჩვენებას კეტრინ ზეტა-ჯონსი შვილთან, კერისთან ერთად დაესწრო, რომელსაც სავარაუდოდ პოდიუმზე მალე ვიხილავთ. ასევე პირველ რიგს ამშვენებდნენ დაიან კრიუგერი, დაკოტა ფენინგი, ჯეიმი ფოქსი, იზაბელა როსელინი, ლედი ამელია უინძორი და პრინცესა დიანას ძმის შვილი, ლედი კიტი სპენსერი.

საღამო ვახშმით დასრულდა, რომლის ანტურაჟი ჩინეთზე მიანიშნებდა. შესაძლოა, სწორედ ეს ქვეყანა უმასპინძლებს ბრენდის მომდევნო ჩვენებას.

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: