Gucci – შემოდგომა/ზამთარი 2018 ანუ ექიმ მიკელეს კაბინეტი

როცა ყველას ეგონა, რომ Gucci-ს სახლის კრეატიული დირექტორი ალექსანდრო მიკელე ვეღარაფრით გააკვირვებდა, ის ადგა და სტუმრებს მოსაწვევების ნაცვლად თაიმერები გაუგზავნა, რომელიც უკუთვლით შოუს დაწყების დროს აჩვენებდა.

შოუ ტრადიციულად Gucci Hub-ში, მილანში გაიმართა. ამჯერად სივრცემ საავადმყოფოს საოპერაციოს სახე მიიღო, მოდელები კი ქირურგიული სავარძლების გარშემო დადიოდნენ.

მოდელებს ხელში უჩვეულო აქსესუარები ეკავათ. თუ მაღალი მოდის კვირეულებისთვის თითო კაბის შექმნას დაახლოებით 260 საათი, ხოლო ჩანთას გაკეთებას მინიმუმ 36 საათი სჭირდება, მიკელემ მთელი 6 თვე გაიმეტა ადამიანის თავის ზუსტი ასლის შესაქმნელად. პოდიუმზე ორ მოდელს ხელით საკუთარი თავის ზუსტი ასლი მიჰქონდა, ერთს რქები მოუჩანდა თმიდან, მეორეს კი შუბლზე მესამე თვალი ჰქონდა. ეს ყველაფერი რომაული სტუდია Makinarium-ის ნამუშევარია. ეს კომპანია სპეცეფექტების შესაქმნელად ხშირად თანამშრომლობს ისეთ რეჟისორებთან, როგორებიცაა რიდლი სკოტი და დენი ბოილი. სხვა მოდელებს ხელით გველის რეპლიკა და პატარა დინოზავრი მოჰქონდათ. ასოციაციებს რა თქმა უნდა „სამეფო კარის თამაშებთან“ მივყავართ.

მიკელეს თქმით, კოლექცია შეიქმნა 1984 წელს გამოცემული დონა ჰარავეის ესსეს, „კიბორგის მანიფესტის“ მიხედვით. რთულია გადაწყვეტით ვთქვათ რომელი უფრო საინტერესო იყო – თავად შოუ თუ მიკელეს პრესკონფერენცია მის შემდეგ, რომელიც საუბრებს ფილოსოფიაზე უფრო ჰგავდა.

„ის(ესსე) ეხება კავშირს ყოფნასა და გახდომას შორის. იმის შესახებაა თუ ვინ ვართ და ვინ გვინდა რომ გავხდეთ“ – განმარტა დიზაინერმა – „ჩვენ ჩვენი ცხოვრების ექიმი ფრანკენშტეინები ვართ“.

შოუზე წარმოდგენილი ფანტასტიკური ტანსაცმელი ერთმანეთს არ ეხამებოდა. აქ იყო შუააზიური ნაციონალური სამოსის ელემენტები, იაპონური ანიმე, ჰეთი კარნეგის სამკაულები, ჰოლივუდი და Paramount Pictures, Gucci-ს და  New York Yankees ერთობლივად შექმნილი მაისურები, რუსული კოსტიუმები და ბრიტანული თავსაფრები. სამოსი ისეთივე ეკლექტური იყო, როგორიც მოდაა დღეს.

ნათელია, რომ მოდის ინდუსტრია შოუს დაუბრუნდა. და ბოლოს, ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნო ამბავი – შოუში მონაწილეობას ქართველი გოგონა მარიშა ურუშაძე იღებდა, რომელიც Gucci-ს 2018 წლის ექსკლუზიურ მოდელად დასახელდა.

 

კომენტარი
%d bloggers like this: