“LOVE”-ის ავტორი რობერტ ინდიანა გარდაიცვალა

რობერტ ინდიანა, ხელოვანი, რომელმაც „LOVE“  უკვდავ  ხელოვნებად აქცია, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პოპ-არტისტი 89 წლის ასაკში საკუთარ სახლში, ვინალჰავენში გარდაიცვალა. მისი ნამუშევრების ცნობადობა  სიტყვა “love”-ის გაბედულმა გამოყენებამ განაპირობა. მხატვრის ადვოკატმა ჯეიმს ვ. ბრენენმა გარდაცვალების  მიზეზად სუნთქვის უკმარისობა დაასახელა.

რობერტ ინდიანას ცნობილ ნამუშევრებში სიტყვა L–O–V–E  წარმოდგენილია ფერადი, დიდი ასოებით, სადაც პირველი ორი ასო ქვედა ორ ასოს ადგას. ხოლო ასო „O“ დაქანებულია. მან ამ ნამუშევრის პირველი ვერსიები 1960 წელს შექმნა, შემდეგ კი ლოგომ თავისი დამოუკიდებელი არსებობა დაიწყო და გამოჩნდა ყველაფერზე დაწყებული პოსტერებით და ალბომის ქავერებით,  დამთავრებული მაისურებით და სამკაულებით.

ხელოვანი ამ გამოსახულებას მეოცე საუკუნის  „ყველაზე პლაგიზირებული ნამუშევარს“ უწოდებდა და ამის დასადასტურებლად  ყალბი ვერსიების კოლექციას  საკუთარ სახლში, ისტორიულ ვიქტორიანულ შენობაში ინახავდა.

ინდიანამ ამ მოტივზე სხვადასხვა მასალაში ბევრი ნამუშევარი შექმნა. მათ შორის  წითელი, ლურჯი და მწვანე ფერის ვერსია, რომელიც 1973 წელს ვალენტინობის დღის აღსანიშნავად აშშ-ს  საფოსტო სამსახურმა 8 ცენტიან მარკებზე გამოსცა. მას შემდეგ ეს მარკა შტატებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სადღესასწაულო მარკა გახდა. თუმცა ხელოვანი ხშირად აღნიშნავდა, რომ მარკის დიზაინისთვის მხოლოდ 1000$ მიიღო და მუდმივად წუხდა იმაზე, რომ „LOVE“-ის მზარდმა  წარმატებამ ნიუ იორკის არტისტულ წრეში მის რეპუტაციას ზიანი მიაყენა.

The Whitney Museum of American Art–ის კურატორმა ბარბარა ჰასკელმა, რომელმაც მოამზადა 2013 წლის რეტროსპექტივა სახელწოდებით  „რობერტ ინდიანა: სიყვარულის მიღმა“ თქვა, რომ “არსებობს კრიტიკოსების ახალი თაობა,  რომლებმაც გადააფასეს ინდიანა პოპ არტის კონტექსტში და დაინახეს თუ როგორ ცვლის ხელოვანი მას ამერიკული ოცნების ბნელი მხარით. ნამუშევარი, რომელიც მან 60–იან  წლებში შექმნა ძალიან ძლიერი და ამავდროულად, საზეიმო ხასიათისაა, ერთდროულად ავტობიოგრაფიული და კულტურული მინიშნებებით.  ის არ არის ზედაპირული, ოპტიმისტური ან  კლიშე, რასაც ზოგიერთი ადამიანი მის მონუმეტურ სკულპტურას მიაწერს.”

ნამუშევრების ავთენტურობის პრობლემა ხელოვანის გარდაცვალებამდე გრძელდებოდა. სიკვდილამდე ერთი დღით ადრე,  კომპანიამ,  რომელიც აცხადებდა რომ  ინდიანას დიდი ხნის აგენტი იყო და მის ზოგიერთ მნიშვნელოვან ნამუშევარზე უფლებამოსილება ჰქონდა, New York Art Publisher-ის და ხელოვანის  მომვლელის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. კომპანია მათ ნამუშევრების გაყალბებასა და გაყიდვაში ადანაშაულებდა. გამომცემელმა ამაზე უპასუხა, რომ ყველა ნამუშევარი ნებადართული იყო, ხოლო მომვლელმა ამ საკითზე კომენტარი არ გააკეთა.

ინდიანა ბოლო წლებში განმარტოებულ ცხოვრებას ეწეოდა. ვინალჰავენში, განცალკევებულ კუნძულზე საცხოვრებლად გადავიდა,  რათა ნიუ იორკის სახელოვნებო სცენას გაქცეოდა. დიდი ხნის მეგობრები და ბიზნეს წარმომადგენლები ცდილობდნენ მასთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.

რობერტ კლარკი  ერლ კლარკისა და კარმენ ვოთერსის ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. ის 1928 წლის 13 სექტემბერს ნიუ კასლში, ინდიანაპოლისში დაიბადა. ადრეულ  ბავშვობას ხშირად რთულს უწოდებდა, ერთ–ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ 17 წლამდე ასაკში 21-ჯერ მოუწია გადაადგილება ინდიანას შტატის ფარგლებში, რადგან დედა “ვერ უძლებდა ერთ სახლში ცხოვრებას 1 წელზე მეტ ხანს”. ამას გარდა, დიდი დეპრესიით გამოწვეული ფინანსული სირთულე მის ოჯახსაც შეეხო, მისი მშობლები კი ერთმანეთს დაცილდნენ სანამ რობერტი თინეიჯერობის ასაკს მიაღწევდა.

რობერტმა სწავლა  Arsenal Technical High School -ში წარმატებით დაასრულა და ჩიკაგოს ინსტიტუტის ხელოვნების სკოლაში ჩაირიცხა. 1954 წელს არტისტული კარიერის დასაწყებად ნიუ-იორკში გადავიდა. ის  სახელოვნებო მასალების მაღაზიაში მუშაობდა, როდესაც მხატვარი ელსვორს კელი გაიცნო, რომელიც მისი პარტნიორი გახდა. კელი ბინის პოვნაშიც დეხმარა, რომელიც საზღვაო პორტთან მდებარეობდა.

პორტი მნიშვნელოვნად ფიგურირებდა ინდიანას ადრეულ სკულპტურებში. ის იყენებდა გემის გადაკეთებულ ხის ბოძებს, სანაპიროს შენობების ფიცრებს რომ შეექმნა ჯადოსნური ასამბლაჟების სერია, რომელსაც თვითონ სვეტებს უწოდებდა. მათი უმეტესობა ადამიანის სიმაღლისაა.

რობერტმა გაიცნო არტისტები ჯეკ იანგერმანი, აგნეს მარტინი და საი ტვომბი. ისინი გარკვეული დროის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ სახელოსნოში. ამავე პერიოდში აირჩია ფსევდონიმი „ინდიანა“.

1961 წელს შემქნა  ზეთის საღებავებით შესრულებული ტილო „ამერიკული ოცნება #1“, რომელიც ოთხი ბრტყელი, ფერადი დისკისგან შედგებოდა. თავად ინდიანა მას უწოდებდა „კომენტარს ამერიკული ცხოვრების ზედაპირულობაზე“, კრიტიკოსი ლოურენს ელოვეი კი  „ავტომაგისტრალის პოპ პოეზიას“.

კურატორი ბარბარა ჰასკელი თვლის, რომ რობერტ ინდიანას მიერ ენის, სიტყვების გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა და  რომ მან ბევრ იმ ხელოვანს დაასწრო, რომლებიც დღეს ახდენენ სიტყვებით მანიპულაციას.

ინდიანა ცალკეულ ნამუშევარში  ერთმაცვლიან, მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვას იყენებს როგორიცაა „eat“, „hug“ ან „die“, რომელიც მედისონ ავენიუს დახვეწილი მოწოდებების პირდაპირი და შეულამაზებელი ალტერნატივაა.

1964 წელს ნიუ იორკის მსოფლიო ბაზრობაზე მან დადგა  20 ფუტიანი  მანათობელი ელექტრო ნიშანი  „eat“. ის მალევე გამორთეს, რადგან ტურისტებში  საჭმლის ძიების წყურვილი აღძრა. იმავე წელს მხატვარი ენდი უორჰოლმა გადაიღო  იგივე სახელწოდების ფილმში,  სადაც  ინდიანა ძალიან ნელა და დუნედ მიირთმევს სოკოს.  ამის შემდეგ შეიქმნა „love“. 1966 წელს მან  „love“-ის თემაზე საკმაოდ ბევრი ვარიაცია შექმნა პრინტების, ნახატების, სკულპტურების სახით, მათ შორის ებრაულად და ესპანურად, და ნიუ იორკში  Stable Gallery-ში გამოფინა.

1970 წელს ინდიანამ შემქნა 12 ფუტიანი სიმაღლის ლითონის ვერსია ინდიანაპოლისის ხელოვნების მუზეუმისთვის, იმიჯი უკვე საკმარისად  ცნობილი იყო იმისთვის, რომ „მოეპარათ“. ინდიანას სჯეროდა, რომ იმიჯის გაყალბებამ ნიუ იორკის სახელოვნებო წრეში მისი რეპუტაცია დააზიანა და მაინში 1978 წელს გადასახლდა.

მან ასევე პოლიტიკური მიზნებისთვის 1976 წელს  განაახლა სლოგანი „love“ როგორც „vote“ დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის პლაკატისთვის. 2008 წელს კი გააკეთა სკულპტურა „hope“ დემოკრატიული ეროვნული კონვენციისთვის  და ნება დართო იმიჯი პრინტად გამოყენებინათ მაისურებზე, რომლებიც ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიის დროს გაიყიდა.

დალასის და ინდიანაპოლისის მუზეუმის ყოფილი დირექტორის, ბატონი ანდერსონის აზრით  „love“ უნდა განვიხილოთ ფართო პოლიტიკურ კონტექსტში, როგორც 1960 –იანი წლების პროდუქტი. ჩვენ უნდა დავინახოთ, „love“ როგორც ომის საწინააღდეგო მანიფესტი“.

 

 

 

კომენტარი
%d bloggers like this: