Moschino x H&M -ის კოლექციის პრეზენტაცია

24 ოქტომბერს ნიუ-იორკში ჯერემი სკოტმა Moschino-სა და H&M-ის ახალი, მბზინავი კოლექცია აჩვენა.

შვედური მას-მარკეტ-გიგანრი სხვადასხვა ცნობილ დიზაინერებთან კოლაბორაციებს ყოველწლიურად აკეთებს. ყველაფერი 2004 წელს კარლ ლაგერფელდიდან დაიწყო, შემდეგ იყო Stella McCartney, Viktor & Rolf, Lanvin, Maison Margiela, Marni, Isabel Marant, Alexander Wang, Versace, Balmain, Kenzo, Erdem და სხვები. ახლა Moschino-ს ჯერი დადგა.

“ეს კოლექცია ფანატებისთვისაა – განაცხადა სკოტმა – როდესაც სოციალურ ქსელში ფოტოებს ვათვალიერებ, ან უბრალოდ ჩვენებების შემდეგ ქუჩაში ადამიანებს ვხვდები, ვხედავ, რომ მათ Moschino-ს სამოსი მოსწონთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველას არ აქვს შეძენის საშუალება. მე მინდოდა ფანატებისთვის საჩუქარი გამეკეთებინა იმ სიყვარულისთვის, რომელსაც მჩუქნიან. H&M-თან თანამშრომლობა ესაა შესაძლებლობა ადამიანების დიდ რაოდენობას მივცე საშუალება ჩაიცვან ის, რაც მოსწონთ. ამავდროულად ბინის ქირის გადახდა არ დააგვიანონ. ამიტომ, კოლექციაში ნათლად ჩანს Moschino-ს ხელწერა”.

შოუ საგამოფენო სივრცეში Pier 36, უზარმაზარი ეკრანების გარემოცვაში გაიმართა. თაიმ-სქვერზე დამონტაჟებულ უზარმაზარ ეკრანზე კი შოუ პირდაპირ რეჟიმში გადაიცემოდა. ნებისმიერ გამვლელს შეეძლო მისი ნახვა.

მასკულტურა ყოველთვის რეზონირებს Moschino-ს კოლექციებში. ახალ კოლაბორაციაშიც MTV-ს და Moschino-ს ლოგოებია გამოყენებული, ასევე Disney-ს პერსონაჟები. კოლექციის ნაწილი კაფსულა სახელწოდებით Cartoon Couture გახდა, რომელიც მიკი მაუსის 90 წლისთავს მიეძღვნა.

კოლექციის ძირითადი ფერი ორია: შავი და ოქროსფერი, რომელიც მეტალის დეტალებსა, მასიურ აქსესუარებსა და ლეოპარდის პრინტს, მაისურებს პრეზერვატივის გამოსახულებით (დაცული სქესობრივი კავშირის სოციალური რეკლამა) და ფერად ეკო-ქურქებს ეხამება.

 

კომენტარი
%d bloggers like this: