ბერლინალე 2018 “ძაღლების კუნძულით” გაიხსნა

ბერლინალე – ყველაზე დემოკრატიული ევროპული ფესტივალების სამეულიდან ახალი ანიმაციური ფილმით, უეს ანდერსონის „ძაღლების კუნძულით“ გაიხსნა, ამბით „ადამიანის საუკეთესო მეგობრების“ თავგადასავალზე მომავლის სასტიკ სამყაროში. ყველა აქტუალური თემა აქვეა: მიგრანტები, მულტიკულტურალიზმი და მსოფლიო კონფლიქტის ჰიპოთეზური საფრთხე. ფილმის გმირებს, ანტროპომორფულ პუდელებსა და ლაბრადორებს ჰოლივუდის ვარსკვლავები  ბრაიან კრენსტონი, სკარლეტ იოჰანსონი, ბილ მიურეი. ტილდა სუინტონი, ლივ შრაიბერი, ედვარდ ნორტონი ახმოვანებენ.

ბერლინალე, როგორც ყოველთვის, პოლიტიკურ თემაზე გადაღებული ფილმების სიმრავლით გამოირჩევა. არც წლევანდელი რიგით 68-ე ფესტივალია გამონაკლისი. წლევანდელ პროგრამაშია ფილმები ტერორიზმზე, მაგალითად „უტოია 22“ – ანდრეას ბრეივიკის ტერაქტის შესახებ. ფესტივალის მნიშვნელოვანი თემაა მაჩოიზმი, რომლის შესახებ რამდენიმე ფილმია „პანორამის“ პროგრამაში. მიგრაციას, რასობრივ პრობლემებს და უცხოს მიმართ დამოკიდებულებას ეძღვნება რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი „გენეზისი“, ის 10 წლის წინ უნგრეთში ბოშებზე თავდასხმებსა და მკვლელობებზე მოგვითხრობს. ასევე, პროგრამაშია დოკუმენტური ფილმი „ცენტრალური აეროპორტი“, რომელიც ლტოლვილთა ბანაკის ყოველდღიურობას აღწერს.

პოლიტიკა ბერლინალეზე ეკრანებს გასცდა. გახსნამდე ცოტა ხნით ადრე სამხრეთ კორეელმა მსახიობმა ფესტივალის ხელმძღვანელობა თვალთმაქცობაში დაადანაშაულა, რადგან პროგრამაში კიმ კი დუკის ახალი ფილმი „ადამიანი, სივრცე, დრო და ისევ ადამიანი“ შეიყვანა. მსახიობის განცხადებით კორეელი რეჟისორი მასზე ძალადობდა და შიშველ სცენებში გადაღებას აიძულებდა, უარის შემდეგ კი სცენებს მისი მონაწილეობით ფილმიდან ჭრიდა. მსახიობმა ანონიმურობა ამჯობინა, თუმცა ცნობილია, რომ საქმე ფილმ „მებიუსს“ ეხება. კორეულმა სასამართლომ უარყო სექსუალური ძალადობის ბრალდება, მაგრამ რეჟისორს ჯარიმის გადახდა დაეკისრა, რადგან გადაღების დროს მსახიობს ხელს ხშირად ურტყამდა. სამხრეთ კორეელი უფლებადამცველები ფესტივალს აკრიტიკებენ, თუმცა ბერლინალეს დირექტორმა დიტერ კოსლიკმა განაცხადა, რომ მოძრაობამ #MeToo კვალი დაატყო ფესტივალის მთლიან პროგრამას.

კიდევ ერთი აქტუალური თემა თავად ფესტივალის დირექტორს ეხება. შესაძლოა კოსლიკისთვის ეს წელი უკანასკნელი აღმოჩნდეს. 2019 წლის მაისში მისი კონტრაქტის ვადა იწურება, გაგრძელებას კი არ აპირებს. ჯერ კიდევ ნოემბერში გერმანული კინოისდუსტრიის წარმომადგენლებმა ღია წერილი გამოაქვეყნეს, სადაც აუცილებელ ცვლილებებზე საუბრობენ. მათი აზრით ფესტივალი ძალიან გაფანტულია და მნიშვნელოვან თემებზე ფოკუსირებას ვერ ახერხებს, ასევე მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს გერმანულ კინოს. წერილს ხელს 79 ადამიანი აწერს, მათ შორის რეჟისორი ფატიხ აკინი. კოსლიკი აცხადებს, რომ ღიაა ახალი ინიციატივებისთვის, თუმცა მასთან კონკრეტული წინადადებით არავინ მისულა.

ბერლინის 68-ე კინოფესტივალი 25 თებერვალს დასრულდება. გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიურის ხელმძღვანელი გერმანელი რეჟისორი ტომ ტიკველი დაასახელებს.

 

კომენტარი
%d bloggers like this: