მსოფლიოს შედევრები იტალიიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება

ბოტიჩელის და მიქელანჯელოს შემდეგ, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ამჯერად ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და სხვა იტალიელი დიდი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება.

გამოფენები  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და Check In Georgia-ს ფარგლებში ტარდება.

აღორძინების ეპოქიდან ბაროკომდე, ვენეციური მხატვრობიდან თანამედროვე ექსპერიმენტებამდე – ოთხი ახალი გამოფენა, რომელიც მაისიდან ოქტომბრამდე გაიმართება, ქართველი მნახველისა და დედაქალაქის სტუმრების ყურადღებას მიიპყრობს.

„ტიციანი, ფერთა ოსტატი. მადონა ყრმით“ (15.05.2018 – 05.08.2018) – ნამუშევარი “ღვთისმშობელი ყრმით” (“მადონა ალბერტინი”) ტიციანის ფერწერის განუმეორებელი სტილისა და ტექნიკის უბადლო ნიმუშია. ნახატი დაცულია ვენეციის აკადემიის გალერეაში, სადაც ვენეციური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია ინახება. გამოფენა უკვე ღიაა დამთვალიერებლებისთვის.

ტიციანი, “ალბერტინის მადონა”

რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები“ (25.05.2018 – 26.08.2018)  – ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კუთვნილი 45 გრაფიკული ნამუშევრის შესანიშნავი გამოფენა. ნამუშევრების ავტორებს შორის არიან რენესანსის გასაოცარი პერიოდის ისეთი დიდოსტატები, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები.

“Evidence. A New State of Art” (25.05.2018 – 26.08.2018) – გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული გამოფენა, რომელიც წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებსა და განსხვავებული გამომსახველობითი ენით შექმნილ ნამუშევრებს.

მიქელანჯელო პისტოლეტო, “ორი ნაკლებია ერთზე”

„ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“ (03.09.2018 – 29.10.2018) – თემატური გამოფენა, რომლის მეშვეობით ამჯერად რომში გადავინაცვლებთ. გამოფენაზე წარმოდგენილი ბაროკოს უმნიშვნელოვანესი ფიგურის, ჯან ლორენცო ბერნინისა და მე-17 საუკუნის სხვა ოსტატების ნამუშევრები დაცულია რომის მახლობლად მდებარე „პალაცო კიჯი ინ არიჩაში” განთავსებულ რომაული ბაროკოს მუზეუმში, რომელიც საერთაშორისო ავტორიტეტის მქონეა იტალიური და, განსაკუთრებით, რომაული ბაროკოს შესწავლის კუთხით.

“როგორც ნამდვილ მეგობრებს სჩვევიათ, ჩვენც გვინდა ქართველ ხალხს ჩვენი საუნჯე გავაცნოთ და გავუზიაროთ” – განმარტავს იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი – “სლოგანი “Vivere all’italiana” (“იტალიური ცხოვრების წესი”) ნიშნავს, რომ იტალია გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ქვეყანა – ეს სილამაზისგან, გემოვნებისა და კრეატიულობისგან შემდგარი ცხოვრების სტილია. ჩვენ ძალიან გგავართ. საქართველოსაც ძველთაუძველესი ისტორია და უამრავი სამომავლო გეგმა აქვს”.

“იტალიური ხელოვნება საქართველოში” იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.

 

კომენტარი
%d bloggers like this: