the-party-2017

ამაღამ ყველა სალისთან მივდივართ

“წვეულება” რეჟისორ სალი პოტერის ტრაგიკომედიაა გამორჩეული ბრიტანული იუმორითა და იდეალური სამსახიობო ნაკრებით.

ჯანეტი (ქრისთინ სკოტ ტომასი) სამზარეულოში სალათს ჭრის და თან სატელეფონო ზარებს თითქმის დაზეპირებული სამადლობელი ტექსტით პასუხობს. ჯანეტის ქმარი ბილი, რომელსაც საგრძნობლად გამხდარი ტიმოთო სპოლი ასრულებს, სასტუმრო ოთახში ზის, მუსიკას უსმენს,  განუწყვეტლივ სვამს, მის სახეზე ბედნიერების კვალსაც ვერ ვხედავთ. ჯანეტის სიხარულისა და ბილის უხასიათობის მიზეზს მოგვიანებით გავიგებთ.

ახალგაზრდა ქალი ჯინი (ემილი მორტიმერი) თავის პარტნიორ მართასთან (ჩერი ჯონსი) ერთად სამ ტყუპს ელოდება და ამ ამბის გახმაურებით თითქმის გადაფარავს ჯანეტის წვეულების მიზეზს. ახალგაზრდა ნარკოდამოკიდებული ბანკირი ტომის როლს კილიან მერფი ასრულებს, რომელსაც აქამდე სრულიად განსხვავებული როლებით ვიცნობდით და მოულოდნელად მშვენიერი კომედიური მსახიობი აღმოჩნდა.

ფილმი რუსმა ოპერატორმა ალექსეი როდიონოვმა გადაიღო, რომელიც ძველი სკოლის წარმომადგენელია. პოტერსა და როდიონოვს წინა ორ ფილმზე „ორლანდო” და „დიახ“ უკვე აქვთ ერთად მუშაობის გამოცდილება.

რეჟისორის თქმით, როდიონოვს უნიკალური თვალი აქვს და სამუშაოდ მინიმალური ტექნიკური საშუალებები ესაჭიროება. კარგად დაყენებული განათება და შავის და თეთრის კონტრასტი (ფილმი შავ-თეთრია) თავის საქმეს აკეთებს.

„წვეულების“ სცენარი კი ოსტატურად დალაგებული დიალოგებით, თეატრალურ პიესას უფრო ჰგავს.

ფილმი ორი კვირის განმავლობაში პავილიონში გადაიღეს და სამუშაო პროცესი ბრექსითის დაწყებას დაემთხვა, რაც ინტერნაციონალური შემოქმედებითი ჯგუფისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში პოტერი ამბობს: „მე მგონია, მეტნაკლებად ყველა პოლიტიზირებული ვართ. ჩემს ფილმში საუბარია იდეალებსა და ადამიანურ წარმოდგენებზე და შემდეგ დგება კრიზისული მომენტი, როდესაც გმირების რწმენა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“.

ცალკე აღსანიშნავია ფილმის მუსიკალური მხარე.

მელომან ბილს ვინილის ფირფიტების დიდი კოლექცია აქვს. „შესაძლოა, ეს საჭირო მუსიკა არაა“ – გავიგონებთ ფრაზას ფილმის ერთ-ერთ სცენაში, მაგრამ ეს ის ფილმია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on reddit
Share on tumblr
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print