JonasMekas-იოჰან მექასი

იონას მექასი – „ამერიკული კინოავანგარდის ბებიაქალი“

იონას მექასს ხშირად ამერიკული კინოავანგარდის ნათლიმამას უწოდებენ. თვითონ კი თვლის, რომ ამ ქვეყნად მოვლენაში დაეხმარა იმას, რაც უკვე მზად იყო.

ლიტველი, იძულებით გადაადგილებული პირი, რომელსაც ძმასთან ერთად ამერიკაში გადასვლა მოუწია ომისგან განადგურებული ევროპიდან, გადამწყვეტ როლს თამაშობს ამერიკული(და არამარტო) ანდერგრაუნდის კინოს ჩამოყალიბებაში. რეჟისორი, პოეტი, თეორეტიკოსი, კრიტიკოსი, ორგანიზატორი მექასი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია „თავისი ბუნებით, გააკეთოს ასი საქმე ერთად და იმუშაოს ას დონეზე ერთდროულად“. ამ თვისებამ განაპირობა მისი კინოენაც – დღიურის ფორმ, რომელსაც იღებს ხელის კამერით და უამრავი ფრაგმენტს აერთებს.

იონას მექასი 1922 წელს ლიტვაში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დროს იონასი და მისი ძმას ადოლფუსი ანტიფაშისტური გაზეთის გამოცემის გამო, გაქცევის მცდელობისას გერმანიაში დააკავეს. მათ შრომით ბანაკში რვა თვის გატარება მოუწიათ. ომის დასრულების შემდეგ იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკში მოხვდნენ, სადაც შეეძლოთ ფილმების ნახვა და მაინცის უნივერსიტეტში ფილოსოფიის შესწავლაც კი. 1948 წელს, ბანაკში ყოფნის პერიოდში, იონასი ლექსების კრებულსაც გამოსცემს.

1949 წელს ლტოლვილთა ბანაკების დაშლა დაიწყეს და ძმები ამერიკაში გაემგზავრნენ. იონასი ოქტომბერში, ნიუ-იორკში ჩამოსვლისთანავე ყიდულობს კამერა „ბოლექსს“ და ბრუკლინში თავისი თანამემამულეების ყოველდღიურობის გადაღებას იწყებს. მოგვიანებით ეს კადრები შევა ფილმში „დაკარგვა, დაკარგვა, დაკარგვა (Lost, lost, lost; 1976 წ.).

„1949 წელს, ჩამოსვლისთანავე, ნაცნობებს ფული ვესესხე და ჩემი პირველი კამერა „ბოლექსი“ ვიყიდე. დიდი ხნის მანძილზე არ ვუყურებდი რას ვიღებდი. მეგონა, რომ კამერასთან კავშირს არ ვწყვეტდი და თავს ოდესმე „ნამდვილი ფილმის“ გადასაღებად ვამზადებდი. მხოლოდ მოგვიანებით, 60-იანების დასაწყისში პირველად ვნახე გადაღებული მასალა. აღმოჩნდა რომ, ყველგან ერთიდაიგივე თემას ვუბრუნდებოდი, თუმცა პირიქით მეგონა. მაგალითან, უამრავი თოვლი მაქვს გადაღებული, არადა ნიუ-იორკში თოვლი თითქმის არ არის. ან ხეები. რამდენ ხეს ნახავთ ნიუ-იორკის ქუჩებში?“

1951 წელს საცხოვრებლად მანჰეტენის ისთ-ვილიჯში გადადის და ამ რაიონის ექსპერიმენტალურ კინოჩანაწერებს აკეთებს. კინემატოგრაფით გატაცება მარტოობასთან ბრძოლის ხერხი გახდა, რადგან ძმებს სტალინის სიკვდილამდე არ შეეძლოთ ლიტვაში დარჩენილ ნათესავებთან კონტაქტი.

იონასი თავის სარჩენად მუშაობს ჭურჭლის მრეცხავად, კურიერად, მუშად. ამავდროულად თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის, მცირერიცხოვანი კინოკლუბების, კოლეჯების კინოჩვენებების მუდმივი სტუმარი ხდება. მისი სანაცნობო წრე ფართოვდება.

1952-53 წლებში საკუთარ კინოპროგრამას ადგენს, 1955-ში კი ყოველთვიური ჟურნალის Film Culture-ის გამოსაცემად პოულობს თანხებს, რომელიც საბოოლოოდ კინოავანგარდისტთა შემოქმედებას დაეთმო. მისი ჟურნალი „ახალი ტალღის“  Cahier du Cinema-ს ერთგვარი პასუხი იყო. მექასი, მისივე სიტყვებით, თავისი პუბლიკაციებით „ბებიაქალის“ როლს ასრულებს და „ახალ ამერიკულ კინოს“ დაბადებაში ეხმარება.

1959 წელს, კინოგაქირავების მოდელად შექმნილმა ჯგუფმა „ახალი ამერიკული კინო“ არ გაამართლა და მექასი სხვა რეჟისორებთან ერთად აყალიბებს გამქირავებელ ფონდს „კინემატოგრაფისტთა კოოპერატივი“, რომელიც დღემდე ამერიკული ავანგარდული კინოს ყველაზე დიდ არქივს წარმოადგენს. 1964 წელს მეგობრებთან ერთად აარსებს კინემატოგრაფისტთა სინემათეკას, რომელიც სისტემატურად აქირავებს სრულმეტრაჟიან ავანგარდისტულ ფილმებს.

თუმცა ეს პროექტი სრულყოფილად ვერ განხორციელდა, რადგან ზოგიერთი რეჟისორი, მაგალითად, ენდი უორჰოლი, თავად აქირავებდა საკუთარ ფილმებს. ამას დაემატა მექასის დაპატიმრება 1964 წელს ჯეკ სმიტის „ალმოდებული არსებების“ და ჟან ჟენეს „მიწისქვეშეთის“ უკანოდოდ ჩვენების გამო.

სამართალდამცველებთან დაპირისპირება და სასამართლო პროცესები იონას მექასის ცხოვრების ნაწილი იყო 60-იან წლებამდე, სანამ ნიუ-იორკში ცენზურა არ გაუქმდა, რაშიც მექასის და მისი თანამოაზრეების წვლილიცაა შეტანილი.

1963-ში მექასმა გადაწყვიტა ფირზე შეენახა კენეტ ბრაუნის სპექტაკლის უკანასკნელი დადგმა სამხედრო ხომალდის ჰაუპტვახტში მომხდარ ძალადობაზე. მან ფილმიდან ამოჭრა ყველა დიალოგი და იგი კლაუსტროფობიურ დამამცირებელ რიტუალად აქცია, სადაც მაყურებელი უნებურად თანამონაწილე ხდება. „ბრიგში“ ფინალამდე გაუგებარია არის ეს დადგმა, თუ დოკუმენტური კადრები. ეს არის მისი სხვა ნამუშევრებისგან განსხვავებული ფილმი. როგორც შემდეგ ამბობდა, ფირზე აღბეჭდა არა მოქმედება, არამედ საკუთარი რეაქცია ამ ქმედებაზე. მომდევნო წელს ვენეციის ფესტივალზე „ბრიგს“ დოკუმენტური ნამუშევრების კატეგორიაში მთავარი პრიზი გადაეცა.

1969 წელს გადაღებული „ვოლდენი“ ანუ „დღიურები, ჩანაწერები, სკეტჩები“ (Walden, Dairies, Notes, Sketches)  ფილმია ნიუ-იორკზე და მექასის დღიურის ფორმით გადაღებული პირველი ნამუშევარი. ამ ფორმამდე სასოწარკვეთისგან მივიდა. ჟურნალ Film Culture-ზე, ფილმების ანთოლოგიის არქივში თუ რეჟისორებთან მუშაობისას, არ რჩებოდა დრო სცენარის საწერად, შემდეგ თვეობით გადასაღებად და სამონტაჟოდ. ჰქონდა მხოლოდ რამოდენიმე წუთი იმის აღსაბეჭდად, რაც მის გარშემო ხდებოდა. ასე დაიწყო კინო-დღიურების სერია.

„ვოლდენის“ შეფასება ერთგვაროვანი იყო. „ეს არაა ჩვენი ნიუ-იორკი, ჩვენი ქალაქი ნაცრისფერი და მოწყენილია, შენსაში კი მინდა ცხოვრება…“

მექასი მიხვდა რომ მისი ფილმი არ იყო ობიექტური და გადააფასა საკუთარი ხედვა. მიხვდა რომ, სინამდვილეში იღებდა საკუთარ ფანტაზიებს, საკუთარ ბავშვობას და არა რეალურ ქალაქს. მიხვდა იმასაც რომ დღიურის წერასა და გადაღებაში არანაირი განსხვავება არაა. გადაღებული მასალის ყურებისას დააკვირდა რომ ფირზე აღბეჭდა არა ის რეალობა, რასაც ყოველდღიურად ხედავდა, არამედ მისი ფრაგმენტები, კადრს მიღმა კი მთელი სამყარო რჩებოდა. მან შტატივიდან მოხსნა კამერა და გადაღების სუბიექტური სტილი აითვისა.

“ლიტვაში მოგზაურობის რემინისცენცია“ (1971-72 წ.წ.), ისევე როგორც მისი გვიანი პერიოდის ფილმები გადაღებულია რვეულის ან დღიურის ფორმატში და მექასის ლიტვაში დაბრუნებას აღწერს. ტექნიკური სირთულეების მიუხედავად, რომელიც კამერის გაუმართაობით იყო გამოწვეული, ამ ფილმში მექასმა კინოკადრის გაფართოება და ფრაგმენტების ნაცვლად მთლიანი სცენების ჩვენება სცადა. რეჟისორის თქმით, ფილმის გადაღება, როგორც საქმიანობა მისთვის ტვითგამოხატვა სულაც არაა, არამედ იმის ჩვენება, რასაც ყოველდღიურად გარშემო ხედავს.

და მაინც, ექსპერიმენტული კინოს მიმართ ინტერესი იზრდებოდა. უნივერსიტეტებმა და კოლეჯებმა დაიწყეს სასწავლო პროგრამების დაკვეთა. თავდაპირველად მათი რიცხვი 3-4-ით შემოიფარგლებოდა. დღეს აშშ-ს 1200-მდე საგანმანათლებლო დაწესებულება გვთავაზობს ექსპერიმენტული კინოს კურსს.

ამ ცვლილებამ 1970 წელს სინემატკის კინოარქივ „ანთოლოგიად“ სახეცვლა გამოიწვია. მასში გაერთიანდა მუზეუმი, კინოდარბაზები, არქივი, ბიბლიოთეკა და განთავსდა ისთ-ვილიჯში ყოფილი სასამართლოს შენობაში.

1990-2000-იან წლებში მექასი უბრუნდება ძველ კინოდღიურებს და ამონტაჟებს კინოპოემებს მეგობრებზე: „სცენები ენდი უორჰოლის ცხოვრებიდან“ (1990), „Zefiro Torna: სცენები ჯორჯ მაჩუნასის ცხოვრებიდან“(1992), რომელიც თანამემამულეს, მოძრაობა Fluksus ერთ-ერთ დამაარსებელს მიუძღვნა, „დაბადების დღეს გილოცავ, ჯონ“(1996), ჯონ ლენონის საპატივცემულოდ და „ნაციის დაბადება“ (2000).

1974 წელს მექასი დაქორწინდა მხარტვარ და ფოტოგრაფ ჰოლის მელტონზე. მათი ორი შვილი უნა და სებასტიანი მშობლების მსგავსად ვიზუალური ხელოვნებით არიან დაკავებულნი.

მაშტაბური საორგანიზაციო სამუშაოც საკმარისია, რომ ამერიკული კინოავანგარდის ისტორიაში იონას მექასის ადგილი განისაზღვროს. გარდა უმნიშვნელოვანესი რეჟისორული ნამუშევრებისა, მექასი ოცზე მეტი პოეტური კრებულის და რამოდენიმე მუსიკალური ალბომის ავტორია. მუსიკა კინოს მსგავსად მისი ყოველდღიურობის ნაწილია.

2007 წელს იონას მექასის სახელი ვილნიუსის ვიზუალური ხელოვნების ცენტს მიანიჭეს, ხელოვანს კი ლიტვის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი გადასცესს.

იონას მექასი სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა პოეტური ჩანაწერების კეთებას. მისი კამერა მფლობელის გარდაცვალებამდე ხელის გაგრძელებად, ხელები კი გარესამყაროს აღქმის იარაღად დარჩა.

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on reddit
Share on tumblr
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print