photo_2021-01-20_20-46-59

ჯო ბაიდენის სიმბოლოებით სავსე ინაუგურაცია

აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაცია, როგორც ღონისძიება არის შედევრი და რაც დრო გადის, მეტად იხვეწება.

მიყვარს ამერიკული პოლიტიკური დრესკოდი, ყველაფერი ნათელია – ვინ ვინაა, რა პოზიცია უკავია, რა პოლიტიკური უპირატესობები ან რა უფლება/მოვალეობები აქვს.

წელს ამერიკელებმა ეს ყველაფერი უფრო მაღალ ხარისხში აიყვანეს.

თანმიმდევრულად მივყვები: ჯილ ბაიდენმა, ახლა უკვე აშშ-ს პირველმა ლედიმ ინაუგურაციისთვის სულ რაღაც სამიოდე წლის წინ შექმნილი ბრენდი Markarian შეარჩია, რომლის დიზაინერია ალექსანდრა ო’ნილი. სვაროვსკის კრისტალებით მორთული კაბისა და პალტოს ფერი – ლაჟვარდისფერია, რადგან მშვიდობის და სტაბილურობის განცდას იწვევს.

ჯო ბაიდენმა Ralph Lauren აირჩია, როგორც “ჭეშმარიტად ამერიკელი” დიზაინერი, ეს ფაქტი წინასწარ ვიცოდით.

კამალა ჰარისმა და მიშელ ობამამ შავკანიანი დიზაინერები შეარჩიეს, როგორც თანადგომა ბოლო თვეებში ამერიკის ქალაქებში განვითარებული მოვლენების მიმართ სოლიდარობა და რასიზმის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი.

კამალამ Christopher John Rogers-ის და Sergio Hudson-ის, იისფერი სამოსი მოიგო, აშშ-ს ისტორიაში პირველი შავკანიანი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალის – შირლი ჩისჰოლმის კანპანიის ფერი, მიშელმა – ღვინისფერი Sergio Hudson.

ძალიან თავშეკავებულ და მცირერიცხოვან (კოვიდის გამო) ცერემონიაზე სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა ლედი გაგამ, რომელიც ზღაპრულად ლამაზი იყო და ჯენიფერ ლოპესმა, რომლის თმის სტილისტს, მე პირადად, დიდი ხანია ვეთაყვანები.

ლედი გაგა ცერემონიაზე Givenchy-ს თეთრი კეიპით მივიდა, რომელიც ცოტათი ნამდვილად ჰგავდა პრინცესა ლეას სამოსს „ვარსკვლავური ომებიდან“, თეთრმა ფერმა კი ბოლო წლებში „ანტიტრამპულის“ სტატუსი მიიღო. ჰიმნი კი Schiaparelli-ს კაბით შეასრულა, რომელსაც გულზე მშვიდობის მტრედის ფორმის ბროში ებნია.

Chanel-ის ტოტალურად თეთრ კოსტიუმზე შეაჩერა არჩევანი ჯენიფერ ლოპესმაც.

ამ ორი მომღერალი ქალის შერჩევაც ძალიან სიმბოლურია, ორივე ემიგრანტთა ოჯახიდან (როგორც პროტესტი ტრამპის მიერ შემოღებული მძიმე შეზღუდვების წინააღმდეგ), რომელთაც წარმატება მარტივად არ მოსვლიათ. ასევე, ლოპესის ინაუგურაციაზე გამოჩენა ტრამპის მექსიკის კედელთან გალინკვაა, რომელსაც ბაიდენი ემიჯნება.

ჩემმა მეგობარმა ზუსტად აღწერა, თუ რას ნიშნავს ლოპესის ტრიბუნაზე აყვანა და რა გზა გაიარა მან აქამდე:

“ეს მიწა შეიქმნა შენთვის და ჩემთვის.” ამ ტექსტით ესპანურადაც მიმართა ჯენიფერ ლოპესმა მთელ ერს. ბრონქში გაზრდილი პუერტო რიკული წარმომავლობის ჯეი. ლო 2002-2003 წლებში მთელმა ამერიკამ დააბულინგა, ჰარვადის დიპლომებიანი მშობლების მყოლე ბენ აფლეკთან რომანის გამო. წელს თავად აფლეკმა აღიარა საჯაროდ, მაშინ როგორც ჯენიფერს მოექცნენ, ახლა ამის გამო ადამიანები კანონით ისჯებიანო. ამ 18 წელში ამერიკული საზოგადოება შეიცვალა და გაიზარდა. დღევანდელი ბაიდენ-ჰარისის ამერიკა უკეთესია, ვიდრე გუშინდელი. ეს დღე 51 წლის ჯენიფერ ლოპესის რასიზმსა და პურიტანიზმზე გამარჯვების დღეცაა.”

მაგრამ, ინაუგურაციის მთავარი გმირები სრულია მოულოდნელად მშვიდი და უდრტვინველი ბერნი სანდერსი და მისი ნაქსოვი ეკო-ხელთათმანები აღმოჩნდნენ.

ეს ხელთათმანები მოქსოვა ჯენ ელისმა, სკოლის მოსწავლემ ვერმონტიდან, გადამუშავებული შალისა და ფლისისგან (რომელიც პლასტმასის ბოთლებისგან კეთდება) და 2 წლის წინ აჩუქა სანდერსს.

ვერმონტის სენატორი სანდერსი ცნობილი გარემოს დამცველია, ვერმონტი კი აშშ-ს ყველაზე მწვანე შტატად ითვლება.

დღის აღმოჩენად და დაკვირვების ობიექტად ახალი პრეზიდენტის მრავალრიცხოვან შვილიშვილებთან ერთად, კამალა ჰარისის გერი ელა ემჰოფი და მისი Miu Miu-ს პალტო გახდა.

და ბოლოს, ახალი პრეზიდენტის საპატივცემულოდ, ფეიერვერკით დასატკბობად თეთრი სახლის აივანზე ჯილ ბაიდენი Gabriella Hearst-ის პალტოთი გამოჩნდა.

პალტოზე ხელით ამოქარგული იყო ყვავილები ყველა შტატიდან, როგორც ერთიანობის სიმბოლო, პალტოს ფერი კი კვლავ თეთრი, როგორც სიკეთის(ბაიდენის) ბოროტებაზე(ტრამპზე) გამარჯვების ნიშანი.

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on reddit
Share on tumblr
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print