ზაზა ურუშაძე

კინო, ღიმილი და „მანდარინები“

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ბლოგის წარმოებას ზაზა ურუშაძის გარდაცვალებაზე წერით დავიწყებდი. ამიტომ, მხოლოდ კინოზე, ღიმილსა და „მანდარინებზე“ ვიტყვი.

პირადად 2015 წლის ცხელ ზაფხულს გავიცანი. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა საზაფხულო კინოსკოლის ფარგლებში ერთ ულამაზეს, მაღალმთიან სოფელში „ზეგანში“ ორი კვირით მიმავლინა. იქაური ბავშვებისათვის სკოლაში საზაფხულო კინოკლუბის მოწყობა მევალებოდა. სულ ბოლო დღეს ზაზა ურუშაძის სტუმრობას ველოდით. „მანდარინები“ ახალი გამოსული იყო და ოსკარების ეიფორიაც ჯერ კიდევ მძაფრად უბერავდა ოკეანის გაღმიდან.

                ჰოდა, მოვიდა.

ადვილი წარმოსადგენია – ადგილობრივების ჟრიამულიანი ფუსფუსი, უფროსების მზადება, ბავშვების ფაციფუცი, უზარმაზარი სუფრა მამა-პაპური ატრიბუტებით სოფლის კრიალა ჰაერზე.

თუმცა იქამდე, ოფიციალურ ნაწილში „მანდარინების“ ჩვენება გაიმართა. თვითონ დარბაზში ვარ გაჩერდა, უკვე იმდენჯერ ვუყურე, მეტი აღარ შემიძლიაო, გულწრფელად, სიცილით გამანდო. მირჩევნია აქაურობა დავათვალიერო დ წყაროს წყალი დავლიოო.

მე იმ ზაფხულს დავამთავრე თეატრალურის ბაკალავრი. ჩემთვის ეს პროექტი და ზაზა ურუშაძის ასე, სამუშაო გარემოში, კინომცოდნის ამპლუაში გაცნობა შაბლონურად რომ ვთქვა, დიდი პატივი იყო. განსაკუთრებული ეთუზიაზმისა და ემოცების სიჭრელისგან ბევრი დეტალი როგორღაც თითქოს გაქრა, მაგრამ მახსოვს მისი რაღაცნარი ნეტარებით გაბადრული სახე, როცა მთის ცივი წყალი დალია და რა კეთილი კაცია-მეთქი, გავიფიქრე. ისეთი ღიმილით გაჰყურებდა მთების კალთებს, ასე მხოლოდ კეთილ ადამიანებს შეუძლიათ, ახლაც დარწმუნებული ვარ. მერე ჩემს ახლდაფეხადგმულ კინომცოდნეობაზე ლაპარაკით სკოლის შენობაში დავბრუნდით და ფილმის დამთავრების შემდეგ დამხვდურებთან გულიანად ისაუბრა, ყველა კითხვაზე დაუზარებლად, მარტივად, ენაწყლიანად პასუხობდა. არ ვიცი, თვითონ როგორ ამჩნევდა, მაგრამ ცივილიზაციას მოწყვეტილ ბავშვებს მომავლისადმი ახალ იმედებს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ბუნებრივად უღვივებდა…

 „მანდარინების“ ზოგად ავკარგიანობაზე იმდენი დაიწერა, მე ახალს და განსაკუთრებულს ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი. სულ ცხელ-ცხელი, ოსკარამდელი ფილმი პირველად თეატრალურის კინოკლუბის საჯარო ჩვენებაზე ვნახე. სტუდენტებით გადავსებულ დარბაზში თვითონ რეჟისორიც იყო. მაშინ ყველაზე მეტად, რაც გულზე მომხვდა, დამოკიდებულებათა სიმძაფრე იყო. უცხო ადამიანების ერთმანეთთან უშუალოდ უპრეტენზიოდ დაკავშირება-დამეგობრების გამარტივება ისე მეამა, იქედან წამოსული მთელი გზა ქუჩაში სულ უცხო ხალხს ვუღიმოდი. მერე ბერლინის ქუჩებში ვნახე უცხოებისთვის მომღიმარი გამვლელები და შემოდგომის ის მანდარინებიანი საღამო გამახსენდა აღმაშენებელზე, უცხო ხალხი ჩემს ღიმილს შეშფოთებული რომ გაურბოდა. იმ საღამოს შემდეგ ასე ქართულ ქუჩაში აღარასოდეს მოვქცეულვარ, პირველადაც ახლა ამ ბლოგ-პოსტის წერისას ვიხსენებ. არც გაუღიმებელ ხალხზე მიფიქრია ბევრი, ცხადია, რატომაც.

ზაზა ურუშაძის მოულოდნელ გარდაცვალებაზე რომ გავიგე, გამახსენდა რამდენს და რა დაუნანებლად უღიმოდა იმ დღეს „ზეგანში“ მათი ასაკისთვის შეუფერებლად მკაცრი ცხოვრებით სახე და ხასიათგამკაცრებულ უცნობ ბავშვებს, ადამიანებს, მთის წყაროს, მთებს.

ჰო, მართალია, ვერ ვუგებთ საქართველოში მომღიმარ ადამიანებს. ღიმილს გადავეჩვიეთ და გულის ტკენას მივეჩვიეთ. პირქუშები გავხდით ერთმანეთისათვის და ამ ფონზე ჩვენი სანაქებო სტუმართმოყვარობაც ფასადური გახდა. რომელი ღმილით უნდა გავუღიმოთ სტუმარს? იმით, რომლითაც დაგვავიწყდა? მერე სტუმარი მიდის, ჩვენ ისევ ერთმანეთთან ვრჩებით და ისევ შუბლშეკრულები ვწუწუნებთ, რომ ვერ ვერთიანდებით, დაქუცმაცებულები და დაუძლურებულები ვართ.

„მანდარინები“, ჩემი აზრით, აფახაზეთის პრობლემაზე მეტად, ზუსტად ამ ერთიანობის თემაზე აქცენტირებს, რაც ბუნებრივია, შეიარაღებული კონფლიქტის თემასაც თავის მთლიანობაში აქცევს, განსაკუთრებით ურუშაძის თაობის წარმომადგენლებისათვის. რიტორიკულად  სხვისი და სინამდვილეში ჩვენიანის ტკივილის, ჭრილობის მკურნალობაზე პასუხისმგებლობის აღებასა და ამ პასუხისმგებლობის დიდ აუცილებლობაზე გულახდილი საუბარიც კი უკვე თანამგრძნობი სოციუმის ჩამოყალიბებას ნიშნავს და ეს შექმნა „მანდარინებმა“ ეკრანზე. ამ ესთეტიკით კინოს, როგორც გამაერთიანებელი ხელოვნების ფუნქციაც წარმოაჩინა და თუ რამე მომწონს ამ ფილმში, ყველაზე მეტად ეს წარმოჩენა მომწონს…

მაგრამ, თუ აღარ გავუღიმებთ, აღარ დაველაპარაკებით, აღარ ვეყოლებით ერთმანეთს, მაშინ რა სარგებლობა მოაქვს კინოს?!

არადა, ზეგანში, იმ დღეს წყაროზე მოხუცებმა ღიმილიანი პირობა დაადებინეს, ერთი ფილმს თქვენთანაც გადავიღებო….

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on reddit
Share on tumblr
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print