მალეფისენტი - maleficent

მალეფისენტი – ამბავი ერთი ქალისა ანუ „მედლის“ მეორე მხარე

„…ჩვენ ყველას გვაქვს ამბები, რომელთა მოყოლაც გვინდა“-  ეს ფრაგმენტია იმ სამადლობელი სიტყვიდან, რომელიც მსახიობმა ფრენსის მაკდორმანმა 2018 წლის ოსკარების 90-ე დაჯილდოვების ცერემონიალზე წარმოთქვა, იმიტომ, რომ კინო ამბის მოყოლის ხელოვნებაა, მეთოდები მრავალფეროვანია, მაგრამ არსი, უკვე საუკუნეზე მეტია, უცვლელია. 2019 წელს მსოფლიო კინოეკრანებზე კიდევ ერთი ახალი ამბავი – „მალეფისენტი: ბოროტების მბრძანებელი“ გამოჩნდა, თუმცა 2014 წელს იყო პირველი – „მალეფისენტი“.

შუა საკუნეების ქალისათვის წელში გამწყვეტი შრომის საძულველი იარაღები – ჯარა და თითისტარი, განწირული ძახილის ექოდ დღემდე მხოლოდ ზღაპრებმა, პატრიარქატის გულუბრყვილო მეხოტბეებმა, შემოგვინახეს. ძაფის დართვა, რომლისთვისაც ეს ხელსაწყოები გამოიყენებოდა, ქალური სილამაზის მკვლელ ხელსაქმედ გამოჰყავთ ძმებ გრიმებს სამი მრთველის  ზღაპარში. ნივთების საკრალიზება ზღაპრის კლასიკური ნარატივისათვის ისეთივე ბუნებრივი ამბავია, როგორც მასკულინიზმის განდიდება. 

პატრიარქალური ზღაპრისადმი სიყვარული და ინტერესი დღითი დღე სულ უფრო ჭარბად გვხვდება დღევანელ „ჰოლივუდში“. მაყურებელიც ბედნიერია ეკრანზე „გათანამედროვებული“ პერსონაჟების ხილვით. თითქოს ყველას ერთად ბავშვობა მოგვენატრა და დიდ „ჰოლივუდს“ ეს კარგად ესმის. არადა, ვინ იცის, რამდენი ზღაპრის დამსახურებაა, რომ ჯერ კიდევ ბევრი ქალი, ნეტარებით აფოფინებული, ფიქრობს მამაკაცის უპირობო ყოვლისშემძლეობაზე.

მაგრამ მედალს ყოველთვის აქვს ორი მხარე და კინოს ეს არასოდეს გამოეპარება. ამბების მოყოლის ხელოვნებაც ხომ ზუსტად ესაა.

„მალეფისენტი“ შარლ პეროს ზღაპრის „მძინარე მზეთუნახავის“ ეკრანული ადაპტაციაა, მაგრამ ფილმის სახელწოდებიდანვე აშკარაა, რომ მთავარი გმირი არა მძინარე მზეთუნახავი, არამედ – ფერია, მალეფისენტია (ანჯელინა ჯოლი). მისი ზღაპრისეული პროტოტიპი ბოროტი ჯადოქარია.  

2014 წელს გამოსული პირველი ფილმი „მალეფისენტი“ ნაღალატევი სიყვარულის საგაა და ლიტერატურული პირველწყაროსაგან განსხვავებით ბევრად უფრო დრამატულად ვითარდება.

ფილმი ჯერ კიდევ პატარა მალეფისენტისა და პატარა სტეფანის სიყვარულის ამბით იწყება, მაგრამ სტეფანის ავადმყოფური ამბიციების საფასურმა სამსხვერპლო ლახვარი მალეფისენტის ფრთებზე დაუშვა. ქალი გაყიდეს, მოატყუეს, დაჭრეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს. მისი ფრთები მისმა პირველმა სიყვარულმა მძევლად წაიღო. ამ ტკივილზე მოღალატემ დიდების ტახტის დადგმა მოისურვა. მაგრამ ფრთები თავისუფლების, ბედნიერების, ოცნებების, სიმბოლოა. თავისუფლების, ბედნიერებისა და ოცნებების ქურდი კი ყოველთვის თავად ხდება საკუთარი ამბიციების ტყვე და საბოლოოდ მსხვერპლიც.

“მალეფისენტი” – ჩვილის დაწყევლის სცენა

 უფრთო ფერია ჭაობიან მარტოობაში ჩაეშვა და თავისთვის მოულოდნელად,  დედად იქცა დაობლებული პრინცესა ავრორასათვის (ელ ფენინგი). ზღაპარი თავდაყირა დადგა.  ამბის განსხვავებული ლოგიკით განვითარებამ ქალი-ფერია იქამდე მიიყვანა, რომ საბედისწერო თითისტარით დაძინებული გოგონას გაღვიძებისათვის საჭირო ნამდვილი სიყვარული ახლადგაცნობილი პრინცის ნაცვლად, ისევ მას – მკაცრ მალეფისენტს აღმოაჩნდა.  მამაკაცის ერთადერთობის მითის მსხვრევა შემოთავაზებულ ფორმასთან ერთად ვფიქრობ, ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა ახლებური კინოზღაპრისათვის.

ქალთა სამყარო, ქართულ და მსოფლიო სინამდვილეში, ძალიან ჰგავს იმ ჭაობს, რომელშიც მალეფისენტი ცხოვრობს. „სამეფო“, სადაც ქალები წარმატებისათვის იბრძვიან და სასურველ შედეგს იღებენ, მამაკაცთა მეზობელ „სამეფოში“ დიდ ინტერესს და ისეთივე დაპყრობის სურვილს იწვევს, როგორც ეს მეფე სტეფანმა მოინდომა. ბოლო პერიოდში ფემიციდის საგანგაშო მონაცემებმა  პროტესტის გრძნობა ქალებში განსაკუთრებით გაამძაფრა. ფემიციდიც ხომ გაურჩებული მდედრის, რომელსაც თავისი, მოპარული ფრთების დაბრუნება სურს, ერთგვარი სადამსჯელო მექანიზმია.

ძალადობა მალფისენტის წინააღმდეგ, სწორედაც, ფემიციდური კონტექსტის გაჟღერებაა და როგორც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ „ჰოლივუდის“ ღიობიდან წამოსული ეს ფემინისტური განწყობა უფრო მეტად ტენდენციური პოზის გამომზეურებაა, ვიდრე რეალური სოლიდარობა, ვფიქრობ, თუნდაც პოზის დონეზეც კი სასარგებლოა პატრიარქატისადმი გამოცხადებული პროტესტი, მითუმეტეს ყველაზე პატრიარქალური ინსტიტუტის – ზღაპრის ჩარჩოებიდან. ცხოვრებაც ხომ ზღაპრებიდან იწყება. 

უკვე არავისთვისაა უცხო დისკრიმინაციული დამოკიდეულება ქალთა მიმართ „ჰოლივუდშიც“. ქალთა უფლებების დასაცავად ხშირად გამოდიან ანჯელინა ჯოლიცა და სხვა მეგა-ვარსკვლავებიც, თუმცა შეფარული პატრიარქატი, რომელმაც მასკულინური ჰორმონების მოჭარბების გამო უკვე მრავალი საუკუნეა სიმახინჯის გასაოცარ ფორმებს მიაღწია, თვითმკვლელობისათვის ალბათ კიდევ დიდხანს ვერ იქნება მზად.

 მართალია, მეოცე საუკუნეში მრავალი ფასეულობის გადაფასება მოხდა და ეს პროცესი 21-ეშიც აქტიურად გრძელდება, მაგრამ პატრიარქალური სამყაროს სიმკაცრეში ჯერ კიდევ არ გავს ძალას სიმონ დე ბოვუარის სიტყვები: „სანამ ეკონომიკური სადავეები მამაკაცებს უპყრიათ ხელთ, ქალი ნანატრ თავისუფლებას ვერ მოიპოვებს. ვიდრე პატრიარქალური წყობა და გოგონათა აღზრდის დამაჩლუნგებელი სისტემა არ დასამარდება, ქალები იფიქრებენ, რომ გათხოვება და დედობა მათი ერთადერთი მოვალეობაა“.

სულ ბოვუარის სიტყვები მიტრიალებდა თავში მალეფისენტის მეორე ნაწილის -„მალეფისენტი: ბოროტების მბრძანებელი“ ყურებისას. აქ ფერიას ჯადოქრული შესაძლებლობები ადამიანური თვისებებისა და განცდების პარალელურად ვითარდება. თუმცა, ჩემთვის, როგორც ქალისთვის, პირველი ნაწილის ყურება ბევრად უფრო სასიამოვნო იყო.

„მალეფისენტი: ბოროტების მბრძანებელში“ უკვე საბოლოოდ აღიარებულია მამაკაცთა უსუსურობა და გაცილებით ძლიერი ომი უკვე ქალებს შორის იმართება. მეორე მხარეს მდგომი დედოფალ ინგრითის (მიშელ ფაიფერი) სითეთრე მალეფისენტის ტოტალურ სიშავესთან კონტრასტულ ოპოზიციაში ისე მოდის, რომ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა ხდება იქ, სადაც ქალური სოლიდარობა თავის ადგილს ვერ პოულობს. ეს იმდენად რეალურია, რამდენადაც მტკივნეული და მომეჩვენა, რეჟისორმა – იოაკიმ რონინგმა თითქოს ნიშნისმოგებით ჩაგვიკრა თვალი, ყველაფერს კაცებს რომ გვაბრალებთ, თვითონ თქვენც არ ბრძანდებით ბედის საჩუქრებიო. ეს ხაზი ფილმის მთავარი ლაიტმოტივია და მისი სიხამუშე, რეჟისორისა რა გითხრათ, მაგრამ მაყურებლის თვალსაც და ეკრანსაც ბევრგან ჭრის.

თავად მალეფისენტის პერსონაჟიც მიუხედავად ძლიერი ფემინური ხაზისა, ერთგვარად მაინც ექცევა იმ კლიშის ქვეშ, რომელსაც ასე კიცხავს ბოვუარი, მაგრამ, როცა მედლის მეორე მხარეს ვიხედებით, ეს რწმენა-წარმოდგენა დედობის უმთავრესი მოვალეობის შესახებ, სხვა მდგომარეობაში მყოფი ქალისათვის თუ ზოგჯერ დამაბრკოლებელია, მალეფისენტისათვის ხსნა და თავშესაფარია. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ხანდახან ყოვლისშემძლე ფერიებსაც სჭირდებათ მშველელი, მერე რა, თუ ამ მშველელს, კუნთმაგარი მამაკაცის ნაცვლად, ოქროსკულულებიანი, ფარფატა გოგონას სახე აქვს.

ერთხელ, ერთმა ქართველმა მინისტრმა ზღაპრები გაკიცხა და მერე ის მინისტრი უარესად გაკიცხეს ზღაპრისმოყვარეებმა. ჩემი აზრით, ორივე პოზიციას აქვს არსებობის უფლება, ისევე, როგორც მედლის ორ მხარეს.

და მაინც, სხვა თუ არაფერი, ზღაპრები ყოველთვის სიკეთისა და ნამდვილი სიყვარულის გამარჯვებაზე გვიყვებიან, სხვა დანარჩენის ტრანსფორირება, მეორე მხრიდან დანახვა და ახსნაც თუნდაც საკუთარი შვილებისათვის ყოველთვის შეგვეძლება. მონტაჟის ხელოვნებაც სათავეს ინტერპრეტაციის თეორიიდან იღებს და ვფიქრობ, კარგი მშობელი მონტაჟის კარგი ოსტატიცაა. მთავარია, არჩევანის გაკეთებისას სქესისაგან დამოუკიდებლად გვახსოვდეს, რომ მხოლოდ სიკეთე და ნამდვილი სიყვარულია სიცოცხლისუნარიანი. ზღაპრებიც ამიტომ არიან ასეთი სიცოცხლისუნარიანები. მათ გარეშე ბავშვობა ძალიან მოსაწყენი იქნებოდა.

„მოდით, თავიდან მოვყვეთ ძველი ამბავი“-  გვეუბნება მთხრობელი „მალეფისენტის“ დასაწყისში და ასე იწყება ამბავი ერთი ქალისა, რომელსაც მედლის მეორე მხარეს ფრენა და ნამდვილი სიყვარული შეეძლო.

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on reddit
Share on tumblr
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print