the-neon-demon - ნეონის დემონი

“ნეონის დემონი” – თანამედროვე კონკიის ამბავი

ერთი შეხედვით, რეჟისორ ნიკოლას ვინდინგ რეფნის „ნეონის დემონი“ მოგონილი, შეთხზული, რეალობის აღქმას მოკლებული ფენტეზი-ჰორორია, მაგრამ თუ ემოციას, ხასხასა ეფექტებს და ფანტასტიკურ ელფერს მოვაცილებთ, ხელში ჩვეულებრივზე ცოტა მეტად ლამაზი და ჭკვიანი პატარა გოგონას ამბავი შეგვრჩება, რომელიც შოუ-ბიზნესის მგლურ სამყაროს ემსხვერპლა.

ის პირდაპირი მნიშვნელობით, შეჭამეს ნარჩენების გარეშე.

ჯესი, რომლის როლს ელ ფენინგი ასრულებს, 16 წლის ობოლი გოგოა. ბუნებრივად საკმაოდ ლამაზია და  ლოს-ანჯელესში მოდელის კარიერის საკეთებლად ჩადის.

ჯესი გაიცნობს არაფრით გამორჩეულ მაკიაჟის სპეციალისტი რუბის და ორ უკვე გამოცდილ მოდელს, რომლებსაც სტანდარტული გარეგნობა აქვს და ერთმანეთს ძალიან გვანან.

ერთ-ერთი მათგანი პლასტიკური ოპერაციების სიმრავლითა და მათი შედეგით ამაყობს. სამეული ჯესის ვერ მოხიბლავს და ვერც დაიმეგობრებს. ისინი წარმატებისა და დიდების ზღურბლთან მდგარ ახალბედა მოდელს, პირდაპირი მნიშვნელობით, შეჭამენ.

საკვები ხარ თუ სექსი? – რუბი ჯესის მთავარ კითხვას უსვამს. მგლების სამყაროში ან მგლად უნდა იქცე, ან ცხვრის ბედს გაიზიარებ. რუბის სახით ვხედავთ მოდის ინდუსტრიის კულისებს, ადამიანებს ვინ ქმნიან მოდელებს, გაპრიალებულ ფოტოებს ჟურნალებისთვის. რუბი იმ ადამიანების სახეა, ვინც ლეგენდების უკან დგას.

ფილმში მამაკაცი პერსონაჟებით ფიგურირებენ. ერთ-ერთი ასეთი პერსონაჟია მოტელის ადმინისტრატორი, სადაც ჯესი გაჩერდა. რეჟისორმა მისი როლი გამოცდილ კიანუ რივზს მიანდო. რივზის გმირი უხეში, საშიში მანიაკი აღმოჩნდება, რომელიც ღამ-ღამობით ქალებს კლავს. მისი მოტელიც ისეთივე საშიშია, როგორც მეპატრონე. ერთ-ერთ სცენაში ჯესის ოთახში ღიად დარჩენილი ფანჯრიდან მტაცებელი ცხოველი იპარება. აქ ყურადღების მოდუნება მომაკვდინებელია.

ჯესის „ბედს“ ფილმის პირველივე კადრი წინასწარმეტყველებს, როდესაც მის ყელზე იმიტირებულ სისხლს ვხედავთ. მოდელები კი არც ისე უწყინარნი არიან, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ჯესი სარკეში ხშირად იყურება, მაგრამ მისი მზერა ფილმის დასაწყისში და მეორე ნაწილში განსხვავდება. თავიდან ის აკვირდება საკუთარ სახეს, სხეულს, ჯერ არ იცის რამდენად ლამაზია და ეს თვისება ფარივით მუშაობს. როგორც კი იჯერებს საკუთარ უპირატესობას, როცა საკუთარი თავით ტკბობას იწყებს, ყურადღებას ადუნებს და „მგლებიც“ ჩნდებიან.

„ნეონის დემონი“ პირველ ძლიერ შთაბეჭდილება ტიტრებიდან ქმნის. ხასხასა, უტრირებული, მკვეთრი ფერები ცნობისმოყვარეობას აღძრავს. ცნობილია, რომ რეფნის მხედველობის დარღვევა აქვს, ის ნახევარტონებს ვერ აღიქვამს. შესაძლოა, ეს იყო მიზეზი ფილმის მჭახე, ხასხასა და კონტრასული ფერებისა. თუმცა ამ მოსაზრებას ბოლომდე ვერ დავეთანხმები და სჯობს ვიფიქროთ, რომ რეჟისორმა ეს ხერხი მოდის სამყაროს თავისებურებების გამოსახატად გამოიყენა. ფილმის ნეონის განათებას კლიფ მარტინესის მუსიკა მეტ სიმკვეთრეს მატებს, ყურში გვიზის ჟღარუნი, ელექტრონული ბგერები, რომლებიც ჰიპნოზივით მოქმედებს.

„ნეონის დემონზე“ საუბრისას მეტი აქცენტის კეთება ფორმაზე გვინდება და არა შინაარსზე. ფილმი კინემატოგრაფისა და ფოტოფრაფიის ზღვარზეა. მასში ვიზუალური მხარის საუკეთესო ხარისხით წარმოჩენა თვითმიზნადაა ქცეული. მთელს ფილმში, ფაქტობრივად, ქალების უძრავი სხეულები ფიგურირებს. ცოტაა საუბარიც, დიალოგები მწირია, მხოლოდ საჭირო ფრაზები გვესმის. თუმცა, მოძრაობის შეზღუდვა მიმიკით ბალანსდება. ვუყურებთ ჯესის, რომელიც საწოლზე უძრავად, გაშეშებული ზის, შემდეგ კი მსხვილი კადრით ვხედავთ მის სახეს, თვალებს ძალიან დიდხანს ვუყურებთ, მისი ნაკვთების მიკროსკოპულ ცვლილებასაც ვამჩნევთ.

ფილმი  თეატრალურ დადგმას მოგვაგონებს. ვერ ვხედავთ ზედმეტ პერსონაჟებს ან სცენოგრაფიას, გარემო მაქსიმალურადაა განტვირთული. ხშირად კადრში მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანი ფიგურირებს გაწელილი, დაძაბული მზერით, ვხედავთ არა მოძრაობას, არამედ ნატურმორტებს, რომლის შემადგენელი ნაწილები ადამიანები არიან. რეფნმა შექმნა ფილმი, რომლის არა ყურება, არამედ დათვალიერება გვინდება. კადრები ძალიან კარგი ოპერატორული ნამუშევრის წყალობით მომაჯადოებლად მოქმედებს. სცენების უმეტესობაში არაფერი ხდება, მოქმედება არ ვითარდება, შემდეგ კი ჯესის პერსონაჟი ძალიან სწრაფად იცველება. ეს ცვლილება იმდენად მოულოდნელია, მაყურებელი მომენტალურად უცხოვდება მისი პერსონაჟისაგან.

ფილმში ნაკლებად იგრძნობა დრო, მნიშვნელოვანია მხოლოდ ვიზუალი. ეს ეხება გარემოსაც, როდესაც მოტელის 70-იანი წლების ინტერიერ-ექსტერიერიდან გაპრიალებულ, თვალისმომჭრელად ქათქათა ცათამბჯენში გადავდივართ, ფილმის ფინალში კი კლასიკური სტილის ვილაში აღმოვჩნდებით.

„ნეონის დემონი“ თანამედროვე კონკიას ისტორიაა უფრო ზღაპრის საპირისპირო დასასრულით, სადაც ბოროტი დედოფალი ბევრად ჭკვიანია, კეთილი ფერია-ნათლია კი არსად ჩანს.

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on reddit
Share on tumblr
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print