fluxus - ფლუქსუსი

„ფლუქსუსი – … ხუმრობის, თამაშის და დუშანის ნაზავი“

მეოცე საუკუნის შუა ნახევარში უამრავი ახალგაზრდა მხატვარი, პოეტი, შემოქმედი ქმნიდა ან ცდილობდა შეექმნა განსხვავებული, ახალი წინააღმდეგობრივი მოძრაობები ხელოვნებაში. ცდილობდნენ საზღვრები გაეფართოვებინათ და საერთოდ წაეშალათ. ეს პერიოდი სავსე იყო ექსპერიმენტებითა და ცდებით, რომლის შედეგათ თანამედროვე ხელოვნებამ იმ ხარისხის თავისუფლება მიიღო, რაც დღეს აქვს.

სიახლეების ერთ-ერთი კანონმდებელი ევროპული არტ-მოძრაობა ფლუქსუსი იყო, რომელმაც შეძლო დასახული მიზნის მიღწევა და სტანდარტული ჩარჩოდან განთავისუფლება. არსებობის მცირე პერიოდის მიუხედავად ხელოვნებაში შეუფასებელი კვალი დატოვა და თანამედროვე პერფორმანსების, ჰეფენინგების თუ ინსტალაციების წინაპარი  გახდა.

სახელწოდებას „ფლუქსუსი“ (Fluxus, flux) ლათინურად და ინგლისურად ერთიდაიგივე მნიშვნელობა აქვს და ნაკადს, დინებას ნიშნავს. მოძრაობის წევრების აზრით ეს სიტყვები ყველაზე უკეთ გამოხატავდა მოძრაობის პრინციპებს. მათი მიზანი იყო კომუნიკაციის საშუალებებისა  და მხატვრული გამოხატვის ხერხების ერთ „დინებაში“ მოქცევა და ხელოვნების საზღვრების წაშლა. ძირითადი პრინციპები იყო აბსოლუტური სპონტანურობა და თვითნებობა. ფლუქსუსი – ესაა მხატვრების, პოეტების, კომპოზიტორების, რეჟისორების, კრიტიკოსების, მოცეკვავეების, მათემატიკოსების და პოლიტიკოსების გაერთიანება, რომელსაც ხშირად ახასიათებენ როგორც ყველაზე რადიკალურ ა ექსპერიმენტალურ ომის შემდგომ მიმდინარეობას.

„გაიწმინდოს სამყარო სულისშემხუთველი ბურჟუაზიისგან, ინტელექტუალური, პროფესიონალური და კომერციული კულტურისაგან! გაიწმინდოს სამყარო მკვდარი, ხელოვნური, აბსტრაქტული ხელოვნებისაგან! ვიბრძოლოთ რევოლუციური ნაკადისათვის და წესრიგისთვის ხელოვნებაში, განვითარდეს ცხოვრებისეული ხელოვნება, ანტიხელოვნება!“
ფლუქსუსის მანიფესტი

არტ-მოძრაობა ჩაისახა 50-იან წლებში, თუმცა სრულყოფილად 60-იანების ბოლოს ჩამოყალიბდა. ამ პერიოდში ამერიკელი, გერმანელი, იაპონელი, ბრიტანელი ხელოვნები ქმნიან მნიშვნელოვან ნამუშევრებს, მაგრამ ისინი არაა გაერთიანებული საერთო მიმდინარეობაში. იმ დროის თითქმის ყველა ავანგარდისტი ხელოვანი გაერთიანდა ფლუქსუსის მოძრაობაში: ჯოზეფ ბოისი, ნამ ჯუდ პაიკი, ჯორჯ მაჩუნასი, ტერი რაილი, ჯონ კაიჯი, დიკ ჰიგინსი, ელის ჰატჩინსი, იოკო ონო, ბენ ვოტიე, ბენჯამინ პეტერსონი, ემეტ უილიამსი, იონას მექასი, კარლჰაინც შტოკჰაუზენი, ვოლფ ფოსტელი, რობერტ ფილიუ, ჯორჯ ბრეხტი, რობერტ უოტსი, ჰენრი ფლინტი და სხვები.

ფლუქსუსის ოფიციალურ დაბადების თარიღად 1961 წელი ითვლება, დამფუძნებლად კი ლიტველ-ამერიკელი მხატვარი და კომპოზიტორი ჯორჯ მაჩუნასი, რომელმაც ყველა ხელოვანი „ახალ ტალღაში“ გააერთიანა. სწორედ 1961 წელს დააგზავნა ბილეთები(ფასი 3$)  გამოფენისთვის გალერეაში AG, რომლებსაც დააწერა რომ ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდებოდა ჟურნალ „ფლუქსუსის“ გამოცემას. ერთი წლის განმავლობაში გალერეაში ფლუქსუსის პერფორმანსების პირველი სერია ჩატარდა. თუმცა მცდარია შეხედულება, რომ თითქოს მაჩუნასია ერთპიროვნულადაა მიმდინარეობის კონცეფციის შემქმნელი. ამ სახელის ქვეშ გაერთიანებული ხელოვნები მუშაობდნენ სხვადასხვა ქვეყნებში და ფორმალური სახელწოდებისა და თეორიული ბაზის შეძენის შემდეგ მათი ნამუშევრების ინდივიდუალური ხასიათი არ შეცვლილა. მიმდინარეობას არ ქონდა ერთიანი სტილი. მისი წევრები სხვა დასხვა მედია საშუალებებს და იმ მასალებს იყენებდნენრაც მათ ხელთ ქონდათ. საკუთარ თავს ხედავდნენ, როგორც აკადემიური ხელოვნების და მუსიკის ალტერნატივას. ერთმანეთთან სხვადასხვა არტფორმების საშუალებით თანამაშრომლობდნენ და წარმოდგენებში აუდიტორიას, მაყურებელსაც რთავდნენ. მათი ღირებულებები იყო სიმარტივე, ანტი-კომერციულობა, ცვალებადი და მოულოდნელი თამაში და უმნიშვნელოვანესი ელემენტი – იუმორი!

„ფლუქსუსი – ესაა ანტიხელოვნება, „მე“-ს უარყოფა,
 ეს საერთოდ არაა ხელოვნება.“
ბენ ვოტიე

ფლუქსუსის წევრები სხვადასხვა ქვეყნებში იყვენ მომიფანტული, მაგრამ მთავარი ქალაქი მათთვის ნიუ იორკი იყო. მათი წინამორბედი ფუტურისტებისა და დადაისტების მსგავსად, უარყოფდნენ მუზეუმების ავტორიტეტს, თვლიდნენ რომ განათლება არ იყო აუცილებელი ხელოვნების ნიმუშის აღსაქმელად. ფლუქსუსის წევრებს არამარტო მასებისთვის ხელმისაწვდომი ხელოვნების შექმნა უნდადათ, არამედ ნებისმიერისგან და განუწყვეტლივ  ხელოვნების შექმნა. ფლუქსუსი ყველანაირად დასცინოდა „მაღალ ხელოვნებას“ და ყველანაირ ხელმასაწვდომ საშუალებას იყენებდა ხელოვნების ხალხამდე მისატანად. მათ მიზნად ქონდა შეეცვალათ ძალაუფლების გადანაწილება სახელოვნებო სამყაროში.

ფლუქსუსის ადრეულ პერიოდს, 1959 წლიდან პროტო-ფლუქსუსს უწოდებენ. ამ დროს არტისტთა ჯგუფი იკრიბებოდა კეიჯთან ნიუ-იორკის ახალ სკოლაში რათა ცამოეყალიბებინათ ნიუ იორკის აუდიო – ვიზუალური ჯგუფი.

ფლუქსუსის პროექტების მიზანი იყო ყოველდღიური ქმედებების და ყოფითი ნივთების არტისტულ გარემოში წარმოდგენა. მარსელ დუშანის და ჯონ კეიჯისთვის ყოველდღიური ნივთების და ცვალებადი ელემენტებისგან ხელოვნების ნიმუშების დიდოსტატები იყვნენ.

მოჭრილი ნაწილები (Cut Piece, 1964-1966), არტისტი: იოკო ონო (Yoko Ono)

იოკომ შესთავაზა აუდიტორია მისი სამოსიდან მოეჭრათ ნაწილები, სანამ თვითონ გაუნძრევლად იჯდა. ხელოვანსა და მაყურებელს შორის ერთმნიშვნელოვნად ინტიმური გარემოა, იშლება ზღვარი, დამკვირვებელი იჭრება მის პირად სივრცეში. სიტუაციას ის ადამიანი აკონტროლებს, ვისაც მაკრატელი უჭირავს. შემდეგ ეს იდეა გამოიყენა მარინა აბრამოვიჩმა Rhythm O-ში, როდესაც აუდიტორიას შესთავაზა დანა,  დატენილი იარაღი და სრული თავისუფლება.

მანამდე არსებული არტისტული მიმდინარეობებისგან განსხვავებით, ფლუქსუს უნდოდა არამორტო ხელოვნების ისტორიის, არამედ მსოფლიო ისტორიის შეცვლა. წევრების უმეტესობის მიზანი იყო ხელოვნებასა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის საღვრების წაშლა. მაჩუნასს უნდოდა „სამყაროს ბურჟუაზიული ავადმყოფობისგან გასუფთავება“. მან განაცხადა რომ ფლუქსუსი არის „ანტი – ხელოვნება“ მისი რევოლუციური პრონციპებისა და პროცესების ხაზგასასმელად.

ავანგარდისტი ხელოვანის, იონას მექასის თქმით, ჯორჯს სწამდა კოოპერატიული სისტემების. 60-იან წლებში ეს აზრი ძალიან პოპულარული იყო ევროპაში, განსაკუთრებით ლიტვაში, ჯორჯის მამა, არქიტექტორი ალექსანდრ მაჩუნასი კოოპერატიული მოძრაობის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო. მან ყველაფერი იცოდა. თვითორგანიზაცია, კოოპერატიული მოძრაობა საკმაოდ გავრცელებული იყო ფლუქსუსის წევრებში. თვითონ მექასმა ჩამოაყალიბა „კინომწარმოებელთა კოოპერატივი“, სადაც რეჟისორები თავად აკონტროლებდნენ ფილმის წარმოების პროცესს. მანამდე, მაჩინუსმა დაიწყო ხალხის შეგროვება რომ, მაგალითად, ერთად ეყიდათ საკვები პროდუქტები, შემდეგ, 60-იანების ბოლოს სოჰოს რაიონში კოოპერატიული სახლების შექმნა დაიწყო. ის ყიდულობდა დაცარიელებულ შენობებს. სახელმწიფოს წარმომადგენლები ეწინააღმდეგებოდნენ, ხშირად უჩიოდნენ, უწევდა სასამართლოში სირბილი, რადგან სოჰოს მხოლოდ წარმოებისათვის ვარგის რაიონად თვლიდნენ. მექასმა მაჩუნასს ნახევრადსარდაფი დაუთმო, სადაც 1977 წლამდე იმართებოდა ფლუქსუსის პერფორმანსები. ფინანსურად ყველას უჭირდა, ფულს კრებდნენ და ყველანაირ გადასახადს ასე იხდიდნენ.

სალათის კეთება (Make a Salad, 1962), არტისტი: ელისონ ნოულზი (Alison Knowles)

სალათის კეთება, როგორც შემოქმედებითი, მედიტაციური აქტი, რომელიც თავის თავში მოიცავს განმეორებადობას და ბოსტნეულის დაჭრისგან წარმოქმნის აუდიო ეფექტს.

ჯორჯ მაჩუნასმა თავისი მოსაზრება თუ როგორი უნდა ყოფილიყო ხელოვნება, მანიფესტში ჩამოაყალიბა. იგი ითვალისწინებდა ხელოვნების ყველა ინსტიტუციური დაწესებულების გაუქმებას, რასაც მოძრაობის ყველა წევრი არ დაეთანხმა. მაჩუნასი ფიცხი და ემოციური ადამიანი იყო და როგორც ლიდერს შეეძლო უმნიშვნელო უთანხმოების გამო მხატვრები ფლუქსუსიდან გაერიცხა. ასეთი ბედი ერგო დიკ ჰიგინსს, ნამ ჯუდ პაიკს, ელისონ ნოულზს.

ფლუქსუსის ღონისძიებები მაყურებლის ჩართულობას ითვალისწინებდა მაჩუნასის იდეოლოგიის თანახმად, რომ ყველას შეუძლია ხელოვნების ნიმუშის შექმნა. ამ იდეის მატარებელი იყო 1970 წლის ჯონ ლენონისა და იოკო ონოს ფლუქსფესტის პრეზენტაცია. მაჩუნასმა მათი სახეები ნიღბების სახით დაბეჭდა და მაყურებელს დაურიგა. ამ აქტით მან მაყურებლის როლი დამკვირვებლიდან მონაწილეთი ჩაანაცვლა.

ფლუქსუსი ძირითადად ცნობილია პერფორმანსებითა და ორგანიზებული ღონისძიებებით, თუმცა არტისტები ხელოვნების პლასტიკურ ფორმებსაც ქმნიდნენ, როგორებიცაა ყუთები (Fluxkits) სავსე სხვადსხვა ნივთებით, ნაბეჭდი პროდუქცია ან ფლუქსუს ფილმები. ხანდახან ეს ნამუშევრები ხელმოწერილი არ იყო, მაჩუნასის მოსაზრების თანახმად, რომ არტისტს უნდა აღმოეფხვრა საკუთარი ეგოიზმი ნამუშევრიდან. ყველა ნამუშევარი მარტივად, „ფლუქსუსით“ უნდა ყოფილიყო ხელმოწერილიყო.

Total Art Matchbox (1966), არტისტი: ბენ ვოტიე (Ben Vautier)

ასანთის ყუთი ზევიდან დაბეჭდილი მითითებით: „გამოიყენეთ ეს ასანთის ღერები ყველანაირი ხელოვნების გასანადგურებლად, მუზეუმების და ბიბლიოთეკების, რედი-მეიდ-პოპ-არტის და როგორც მე, ბენმა დავწერე ყველა ხელოვნების ნიმუში დაწვით, ყველაფერი. შემოინახეთ უკანასკნელი ღერი ამ ასანთის ყუთისთვის“. ეს მოწოდება სრულად ეხმიანებოდა ფლუქსუსის ანტი-ხელოვნების კონცეფციას.

ფლუქსუსი უფრო ძენია, ვიდრე დადა.
ჯორჯ მაჩუნესი

ჯონ კეიჯი ძენის ფილოსოფიის თაყვანისმცემელი იყო. ძენი არის იაპონური ბუდისტური ფილოსოფია რომელიც ფოკუსირებულია მედიტაციაზე და აწმყოზე. არცერთი წუთი არა არის ახლანდელზე მნიშვნელოვანი. კეიჯი თვლიდა, მნიშვნელოვანია ცხოვრების თითოული წუთი „იცხოვრო“. ფლუქსუსის წევრების ამ ფილოსოფიის შემოქმედებაში გადატანას ცდილობდნენ. მაჩუნესი არ ეწინააღმდეგებოდა ამ მოსაძრებას, მაგრამ უფრო კონცენტრირებული იყო პოლიტიკასა და ანტი – ხელოვნების პოზიციაზე.

ძენი ფილმისთვის (Zen for Film, 1964/1965)

არტისტი: ნამ ჯუნ პაიკი (Nam June Paik)

„ძენი ფილმისთვის“ ფლუქსუსის სხვა მედიუმის კარგი მაგალითია. ესაა რვა წუთიანი ფილმი, რომელიც არაფერს აჩვენებს თეთრი ეკრანის და მასზე შემთხვევითი ნაკაწრების გარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამუშევარი ფილმია, ის სრულყოფილად გამოსახავს ფლუქსუსის იდეას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ირონიული, ლაკონური და მარტივია. იგი ეხმიანება კეიჯის მუსიკალურ კომპოზიციებს, რომელშიც სიჩუმეს იყენებს. პაიკი კი იყენებს ობიექტების არ არსებობას, როგორც ხელოვნების ნიმუშს და იზიარებს ძენის ფილოსოფიას, რომელიც აქტიური ქმედების ნაცვლად შინაგან მედიტაციას ქადაგებს.

„ფლუქსუსი – ესაა ჯონ კეიჯის, ვოდევილის,
ხუმრობის, თამაშის და დუშანის ნაზავი.“
ჯორჯ მაჩუნასი

შესაძლოა ფლუქსუსის ეპოქა დასრულდა 1978 წელს მაჩუნასის გარდაცვალებასთან ერთად. ის დაკრძალეს ჯეფრი ჰენდრიქსის გვერდით, იმ ადგილას სადაც ფლუქსუსის რამოდენიმე პერფორმანსი გაიმართა. მოაწყვეს „ფლუქსდაკრძალვა“. შემდეგ “ფლუქსფესტი და გაღვიძება“ („Fluxfeast and Wake“), სადაც მოვიდენ ფლუქს – სამოსით, საჭმელიც კი თეთრი, შავი ან იასამნისფერი იყო. ეს ითვლება ფლუქსუსის უკანასკნელ ფართომაშტაბიანი ღონისძიებად, თუმცა რამოდენი მცირე პერიოდულად ახლაც იმართება.

ფლუქსუსის გავლენა განსაკუთრებით იგრძნობა ხელოვნების ისეთ მიმდინარეობებში, როგორიცაა ლენდ არი, გრაფიტი, სტრიტ არტი და იმ მხატვრების შემოქმედებაში, რომლებიც უარყოფენ სამუზეუმო სისტემას. ისეთი არტისტი, როგორიცაა ბენქსი ფლუქსუსის ფილოსოფიის გამგრძელებლის კარგი მაგალითია. და ბოლოს, რომ არა ფლუქსუსი, ნიუ-იორკს სულ სხვა სახე ექნებოდა.

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on reddit
Share on tumblr
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print