2f7ab0878c990809f5436968ce39be3e

პოეზია და პოლიტიკა ირანულ კინოში

1979 წლის ისლამურ რევოლუციას ირანში კულტურული ცვლილებები მოყვა. დაიხურა თეატრები, კინოთეატრები, გაზეთები, ჟურნალები, დასავლური ტიპის რესტორნები და ქალთა ის სალონები, სადაც მამაკაცები მუშაობდნენ. რელიგია მთავარი მაკონტროლებელი გახდა. გაიზარდა მეჩეთის, როგორც პოლიტიკური და პროპაგანდისტული ცენტრის როლი.

მკაცრი ცენზურის მიუხედავად, ირანელი რეჟისორები ცდილობენ მათ ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური პრობლემები ფილმებში ასახონ. ისინი აღწერენ ომს, სიღატაკეს, ქალების ჩაგვრას, ებრძვიან ფუნდამენტალიზმსა და დოგმატიზმს. რეჟისორებს ავიწროვებენ, აკონტროლებენ, ციხეში სვამენ და გადაღებას უკრძალავენ.

ყველაზე ცნობილი ირანელი რეჟისორი აბას კიაროსტამი თეირანის უნივერსიტეტში ფერწერას სწავლობდა. შემდეგ გრაფიკულ დიზაინრად მუშაობდა და რეკლამებს იღებდა ირანული ტელევიზიისთვის.  რევოლუციამდე ათი წლის განმავლობაში ბავშვთა და მოზარდთა ინტელექტუალური განვითარების ცენტრის კინოწარმოების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში რეჟისორმა რამოდენიმე ფილმი გადაიღო, რომლის მამოძრავებელი ძალა ბავშვი იყო.

როდესაც 80-იანებში ისლამურ რესპუბლიკაში კინოწარმოების აღორძინება გადაწყდა, კიაროსტამი მიწვეულ რეჟისორებს შორის ერთ-ერთი იყო. აიათოლა ხომეინს კარგად ესმოდა კინოს როლი ხალხის „მორალურ აღზრდაში“ და მისი პროპაგანდისტული ძალა.

ციფრული ტექნოლოგიის განვითარებამ რეჟისორი სახელმწიფოზე ნაკლებად დამოკიდებული გახადა და სახელმწიფოს ფინანსური და ტექნიკური მონოპოლიისგან გაათავისუფლა.

1997 გადაღებული აბას კიაროსტამის ფილმი „ბლის გემო“ კანის ფესტივალზე აჩვენეს. ფილმს რთული ბედი ერგო. ფირის ნაწილი ხანძარმა იმსხვერპლა. კიაროსტამი კულტურულ ფუნდამენტალისტებს ებრძოდა, რომლებიც ფილმს მასში ასახული სუიციდის თემის გამო უპირისპირდებოდნენ. ბოლო წუთამდე გაურკვეველი რჩებოდა გაუშვებდნენ თუ არა ფილმს და ავტორს ფესტივალეზე. შედეგად, „ბლის გემო“ ოქროს პალმის რტოს მფლობელი პირველი ირანული ფილმი გახდა.

„სამი და ერთი“, ასე მოიხსენიებს კიაროსტამი თავის ფილმებს. სამი ანუ „კოკერის ტრილოგია“ („სად არის მეგობრის სახლი?“, „ცხოვრება და მეტი არაფერი“ ‘ ზეთისხილის ხეების გავლით“), რეჟისორის სამი ფილმი რომლებსაც ერთი ლოკაცია, სოფელი კოკერი აერთიანებთ. და ერთი – „ბლის გემო“ როგორც კრიტიკოსები ახასიათებენ, შექსპირისეული ყოფნა-არყოფნის დილემით. ფილმის გმირი, ბატონი ბადიი ავტომობილით დადის ქალაქის გარეუბანში და ეძებს მოხალისეს, ვინც ფულის სანაცვლოდ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებაში დაეხმარება.

კიაროსტამი ჩუმი მეამბოხეა. ფილმში არ ისმის პირდაპირი საპროტესტო მოწოდებები, თუმცა მთელი ფილმის განმავლობაში ვისმენთ სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების ადამიანების ამბებს სიღარიბესა და  ომზე. ფილმის ძირითადი ნაწილი ეთმობა დიალოგს ბატონ ბადიისა და სამ მამაკაცს შორის: პირველი, ახალგაზრდა ქურთი ჯარისკაცია, რომელიც შეშინებულია მოულოდნელი წინადადებით, მეორე, საშუალო ასაკის ავღანელი სტუდენტი-სემინარისტია, რომელიც ცდილობს რელიგიური არგუმენტებით გადააფიქრებინოს ბადიის განზრახვა, მესამე კი მოხუცი თურქი, რომელიც ტაქსიდერმისტად მუშაობს მუზეუმში. ის ყვება შემთხვევას, თუ როგორ გადაწყვიტა თვითმკვლელობა და როგორ დაეხმარა ბლის გემო სიცოცხლის გაგრძელებაში.

კიაროსტამი პეიზაჟის დიდოსტატია. მას შეუძლია ხრიოკი, მტვრიანი გარემო ყველაზე მომხიბვლელად აქციოს. ფილმის განმავლობაში თითქმის უწყვეტი კადრით ნაჩვენები მანქანის მოძრაობა გზაზე ისეთივე პოეტურია, როგორც სპარსული დამწერლობა, რომელსაც დასავლელისთვის არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, რომელსაც მხოლოდ უნდა უყურო და დატკბე.

კიაროსტამის ფილმები გარკვეული ხვრელის როლს ასრულებენ, ახდენენ მზერის მობილიზებას. კინო ხომ ამისთვის არსებობს – „თვალის ასახელად“. იგივე ხდება „ბლის გემოში“. თითქმის მთელი ფილმის განმავლობაში გმირი ( და მაყურებელი) თითქოს ყუთში, ჩარჩოში ზის, ავტომობილიდან აკვირდება გარემოს. ავტომობილის ფანჯარა კამერის მინი-მოდელია, რომლის მიღმა კიდევ ერთი კინოეკრანია.  და კიდევ გვესმის ხმები რომელიც ფანჯრიდან შემოდის და გვაკავშირებს მის მიღმა სამყაროსთან.

ფილმს ღია ფინალი აქვს. პასუხგაუცემელია კითხვები ვინ არის ბატონი ბადიი ან რა გასაჭირი აქვს, ან იქნებ არაფერი უჭირს, უბრალოდ ცხოვრების ხალისი დაკარგა? ბადიი საძილე აბებს სვამს, თხრილში წვება, თვალებს ხუჭავს. სიბნელეა.

მეორე დიდი ირანელი რეჟისორი მოჰსენ მახმალბაჰი კინოში პირველად 23 წლის ასაკში მოხვდა. ამას ხელი არ შეუშლია რომ ოციოდე წელში მისი ფილმი „ყანდაარი“ ყველა დროის მსოფლიოს 100 საუკეთესო ფილმების სიაში შესულიყო.

მახმალბაჰს მამა ადრე გარდაეცვალა. 15 წლიდან სკოლას თავი დაანება და სისტემატურად მონაწილეობდა შაჰის საწინააღმდეგო გამოსვლებში. ერთერთი აქციის დროს დააკავეს და ოთხი წლით ციხეში ჩასვეს. იგი 1979 წლის რევოლუციამ გაათავისუფლა. 2005 წელს პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის სათავეში მოსვლის შემდეგ ცენზურა გამკაცრდა. მახმალბაჰმა (ისევე როგორც კიაროსტამმა) სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, რადგან მას ისევ დევნიდნენ.

მახმალბაჰი თვლის რომ ხელოვნების საშუალებით მას არამხოლოდ სამყაროს ჩვენება, არამედ მისი შეცვლა შეუძლია. ის ადამიანთა უფლებების ხმალამოღებული დამცველია. 2001 წელს რეჟისორი იღებს „ყანდაარს“, ფილმს ახალგაზრდა ქალზე, ნაფასზე, რომელიც დის გადასარჩენად ყანდაარში მიემგზავრება. ნაფასი ბავშვობაში საცხოვრებლად კანადაში გადავიდა, მიდი და კი ავღანეთში დარჩა და ნაღმზე აფეთქების შემდეგ ორივე ფეხი დაკარგა. და წერს წერილს რომ მისი ცხოვრება გაუსაძლისია და თვითმკვლელობას გეგმავს. ნაფასი ჟურნალისტია, ამიტომ ავღანეთში არ უშვენებ. იგი არალეგალურად ცდილობს ყანდაარში ჩასვლა. ფილმში აღწერილია მისი მოგზაურობა ირანიდან ავღანეთში.

ნაფაზს რეალური პროტოტიპი თამაშობს, კანადელი ჟურნალისტი ნილუფარ პაზირა. 2000 წელს მახმალბაჰი თვითონ ჩავიდა ავღანეთში არალეგალურად, ხელოვნური წვერი მიიმაგრა და შეეცადა სინამდვილის „შიგნიდან“ გაგებას. ფილმში რეალური ცხოვრება აღწერილი, სიღატაკე, ავადმყოფობა, გაუნათლებობა. ფილმის ერთერთი პერსონაჟი ამბობს: „ იარაღი ერთადერთი თანამედროვე ნივთია ავღანეთში“, ეს ფრაზა სრულიად საკმარისია რეალობის აღსაწერად.

„ყანდაარი“ არ არის კინო რომელსაც უნდა უსმინო. ის გამოსახულებით გვესაუბრება. მაჰმალბაჰმა და მისმა ოპერატორმა ებრაჰამ გაფურიმ ქვიშის ზღაპრული პეიზაჟები შექმნეს. დაუვიწყარი და სევდიანია სცენა, როდესაც ყავარჯნიანი ხეიბარი კაცები მირბიან ციდან ჩამოფრენილი  ფეხების პროთეზებისკენ.

ნაფაზი ამბობს: „თუ ყველა ადამინი თითო სანთელს აანთებს, მზე აღარ იქნება აუცილებელი“. ასეთია მოჰსენ მახმალბაჰის რეცეპტი სიბნელესთან საბრძოლველად.

„რატომ დამემართა მაინცდამაინც მე?“ – ალბათ ეს კითხვა ნებისმიერ ადამიანს გასჩენია. იგივე კითხვას სვამენ მაჯიდ მაჯიდის გმირები „სამოთხის ფერში“. 1999 წელს გადაღებული ფილმი პატარა უსინათლო ბიჭის, მუჰამედის ამბავია, რომელსაც ვერ გაუგია ასე რატომ დასაჯა ალაჰმა, რომელსაც ყველა უყვარს. ვერც მის მამას (რომელსაც სახელიც კი არ აქვს) გაუგია რატომ ერგო „ასეთი“ შვილი. იგი მძიმე ტვირთად აწევს და ბიჭის თავიდან მოშორებას ცდილობს.

მოქმედება მთის უბრალო ირანულ სოფელში ვითარდება. ძირითადი თემის გვერდით ნაჩვენებია სოფლის მაცხოვრებელთა ყოველდღიურობა და მათი ყოფის სიმძიმე. მართალია მოჰამედს თვალის სინათლე არ აქვს, მაგრამ იგი ყველა სხვა სიკეთითაა დაჯილდოვებული, თბილი, კეთილი და მოსიყვარულეა. უყვარს ბებია და დები. ჩიტებს უსმენს და ქარს ესაუბრება. სამყაროს ხელებით ხედავს და ჩვენც გვაჩვენებს. სიყვარული ეკრანიდან იღვრება.

ამ ფილმში ერთი შეხედვით არ არის ხმამაღალი ლოზუნგები ან პოლიტიკური თემები. აქ მთავარია ადამიანი და მისი ბუნებაა. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. ირანელი ქალი, ოჯახის დედა, განათლებული და ბრძენი მოჰამედის ბებია აზიზი ანგრევს ირანელ ქალებზე ჩამოყალიბებულ სტერეოტიპს.

მაჯიდ მაჯიდი თვლის რომ ბავშვები საუკეთესო მედიუმია და ბავშვებზე ისტორიებს იყენებს უფროსებამდე გზავნილების მისატანად. ბავშვების თემას თუ განვაგრძობთ, არ მგონია სუბიექტური ვიყო თუ ვიტყვი რომ ბახმან გობადის „კუებსაც შეუძლიათ ფრენა“ 2000-იანებში გადაღებული ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ირანული ფილმია.

ესაა ფილმი ქურთ ბავშვებზე ლტოლვილთა, რომლებიც იძულებული არიან დიდები იყვნენ, დიდებივით იცხოვრონ, დიდების ნაცვლად იფიქრობ. ფილმის მთავარი გმირი სახელად სატელიტი ბავშვების ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომლებიც მინდვრებზე დატოვებულ ნაღმებს პოულობენ და ყიდიან. ეს საშიში სამუშაოა, მაგრამ შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ბავშვების უმეტესობა ხეიბარია, არ აქვს ხელი ან ფეხი. ერთერთ ასეთ უხელო ბიჭს, ჰიენკოვს წინასწარმეტყველების ნიჭი აქვს. მას ყავს და აგრინი და სამიოდე წლის უსინათლო ძმა რისა. ფინალისკენ ირკვევა რომ ბავშვი ძმა კი არა, ამ პატარა გოგოს შვილია, რომელიც გააუპატიურეს ერაყელმა ჯარისკაცებმა. აგრინს მთელი გულით სძულს შვილი და ამ სიძულვილის გამო საკუთარი თავი. ის ცდილობს ბავშვის თავიდან მოშორებას და საბოლოოდ ახრჩობს მას. ფილმის პირველი კადრები მძიმე და შემძრწუნებელი, თუმცა თანდათან სიუჟეტი გვითრევს და ვეჩვევით და ესაა ყველაზე დამღუპველი – შეჩვევა, რომელიც იწვევს უმოქმედობას და შეგუებას, იმ პრობლემას რაც დღეს აქვს ქურთებს.

რეჟისორი ბაჰმან გობადი ირანის პროვინცია ქურთისტანში დაიბადა. იგი თვლის რომ  მისი სამშობლოს მთავარი პრობლემა კულტურული დაყოფაა. პრობლების გადაჭრას განათლებაში ხედავს. გობადი და მისი ოჯახის წევრები სისტემატურად იდევნებიან, ჯერ მისი მეუღლე დააპატიმრეს, შემდეგ კი ძმა.

ირანელი რეჟისორები ულამაზეს ბუნებას ადამიანურ სიბოროტეს უპირისპირებენ და ამით ერთიორად ამძაფრებენ ფილმებში წამოჭრილ თემებს. არაპროფესიონალი მსახიობების საშუალებით კი გულწრფელობის  განსაკუთრებულ ხარისხს აღწევენ. მათი დიალოგები ხშირად ძუნწია, რადგან იციან თითოეული სიტყვის ფასი და აქცენტს გამოსახულებაზე, ფერადოვნებაზე, შუქ-ჩრდილის თამაშზე ახდენენ.

„ბლის გემოს“ ფინალში ბატონი  ბადიი თვალს ხუჭავს, კადრი ბნელდება. შემდეგ ვხედავთ გადამღებ ჯგუფს მუშაობის პროცესში, ყველაფერი შეიძლება აქციო კინოც, ცხოვრებაც კინოა ხანდახან, ირანელი რეჟისორისთვის კი კინოა ცხოვრება.

მოჰსენ მახმალბაჰი ყველაზე უკეთ აღწერს ირანელი კინორეჟისორების დამოკიდებულებას: „სიმართლე-სარკეა ღვთის ხელში, ის დაეცა და გატყდა. თითოეულმა ადამიანმა აიღო ნამსხვრევი და დაიჯერა, რომ მთლიან სარკეს ფლობს. მაგრამ ის არ შეიძლება ვინმე ერთს ქონდეს, ის ყველას აქვს. ჩვენ უნდა გავაზიაროთ რეალობაზე შეხედულება, რათა შევცვალოთ ის. ესაა ირანელი კინემატოგრაფისტების ვალდებულება.

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on reddit
Share on tumblr
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print