ჯულია ჩაილდი

საკულტო სახე: ჯულია ჩაილდი

HBO Max-მა ჯულია ჩაილდის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ რვა ეპიზოდიანი დრამა დააანონსა, რომელმაც მთელ ამერიკას, შემდეგ კი სამყაროს ფრანგული რეცეპტებით მზადება ასწავლა.

60-70-იან წლებში მზარეულმა, მწერალმა და ტელეწამყვანმა, საკუთარ გადაცემაში French Chef (ფრანგი შეფი) თავდაყირა დააყენა წარმოდგენები ტელევიზიის  შესაძლებლობებისა და გასტრონომიის შესახებ.

French Chef: კარტოფილის შოუ

მიზანდასახული ჯულია თანამედროვეებზე ერთი თავით მაღლა იდგა მინიმუმ 188 სანტიმეტრი სიმაღლის გამო. გამორჩეულად სადად იცმევდა, ბოლომდე შეღილული პერანგი მოკლე ან აკაპიწებული სახელოებით, სწორი ბოლოკაბა ან შარვალი, მოხერხებული ფეხსაცმელი, წინსაფარი, ქამარში ჩაყოლებული ჩაის ტილო, მუქი ფერის ხვეული მოკლე თმა, სამკაულად კი მაქსმიმუმ მარგალიტის მძივის წყება – ასეთი იყო ჯულიას „უნიფორმა“, რომლისთვისაც ათწლეულების განმავლობაში  არ უღალატია.

პერიოდულად უფრო ფემინურ, ნაკლებად მკაცრ ვიზუალზე გადაერთვებოდა ხოლმე – პასტელურ ბლუზებზე, ყელზე მოხვეულ თავსაფრებსა და მეტალის ყელსაბამებზე.

ჯულია ჩაილდი საკუთარ სამზარეულოში

ჩაცმულობისადმი ასეთი მიდგომა ჩაილდს კარგად ცნობადი სატელევიზიო  სახის ჩამოყალიბებაში დაეხმარა. მის გამორჩეულ დიქციასთან და სიცილთან  ერთად, ვიზუალი დაუჯერებელი წარმატების ხელშემწყობი გახდა.

შედეგად კი მივიღეთ ათზე მეტი კულინარიული შოუ, რომელთაგან პირველი – „ფრანგი შეფი“ ეთერში მაღალი რეიტინგით გადიოდა წლების განმავლობაში, ოცამდე წიგნი-ბესთსელერი, მილიონობით მაყურებელი და მრავალი ჯილდო.

1993 წელს ჯულია ჩაილდი ამერიკის კულინარიული ინსტიტუტის დიდების დარბაზის პირველი წევრი ქალი გახდა, 2000 წლის ნოემბერში კი საფრანგეთის მთავარი ჯილდო – საპატიო ლეგიონერის ორდენი მიიღო.

ეს მისი რეგალიებისა და ჯილდოების მხოლოდ ნაწილია – პრემია „ემი“, წიგნის ნაციონალური პრემია, ჰარვარდისა და ბრაუნის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორის წოდება და მრავალი სხვა.

ჯულიას საკუთარი სტილისთვის არ უღალატია. 1960-იანის დასაწყისში  ის „ამერიკელ ქალებს, რომელთაც სახლის საქმეში დამხმარე არ ჰყავდათ“, კლასიკური ფრანგული სამზარეულოს რეცეპტებით მზადებას ასწავლიდა.

ადამიანის გარეგნობა, რომელიც ლობსტერის ხერხემალში გადამტვრევის ან ბიფ-ბურგინიონის  4 საათის განმავლობაში მზადებისთვის გაგულიანებს, ნდობას უნდა იწვევდეს და ჰოვარ მილერის პოსტერის მსგავსად გარწმუნებდეს We Can Do It!

ჯულიას ეკრანულ სახე მხიარულ დიასახლისს, კარის მეზობელს წააგავდა, რომელსაც პერიოდულად საყვარელ რეცეპტებს უზიარებ, ამავდროულად  ის პროფესიონალი მზარეული, ავტორიტეტი იყო, რომლის მეთაურობით ნებისმიერ კულინარიულ ბრძოლაში გადაეშვები.

ჩაილდის პოპულარობასა და გავლენაზე მისი პრესასა და ტელევიზიაში მისი პაროდიების სიმრავლეც მეტყველებს. მაგალითად, დენ ეიკროიდის Saturday Night Live 1978. ან, თუნდაც ნორა ეფრონის 2009 წლის ფილმი “ჯული და ჯულია”, სადაც უკვე ლეგენდად ქცეული მზარეულის როლი მერილ სტრიპმა შეასრულა.

მართალია, ჯულია არასდროს აიგივებდა თავს, მაგრამ მას ფემინიზმის სახეც შეიძლება ვუწოდოთ.

ჯულია მაქუილიამსი კალიფორნიელი მიწათმფლობელის ოჯახში დაიბადა. მას შეეძლო დედასავით მთელი ცხოვრება უზრუნველად ეცხოვრა კონსერვატიულ პასადენაში, პირადი მზარეული აეყვანა და კოქტეილის ბრანჩების თანხლებით პოლოს ტურნირებით შეექცია თავი.

მაგრამ ჯულიას სხვა ინეტესები ჰქონდა. კოლეჯის დამთავრების შემდეგ ნიუ-იორკში გადავიდა. ომის დროს სიმაღლის გამო სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებელი აღმოჩნდა და საგანგებო სამსახურის სამმართველოში აღმოჩნდა (რომლის საფუძველზე ომის შემდეგ CIA -ცენტრალური სადაზვერვო სამსახური შეიქმნა).

კუნძულ ცეილონზე ერთ-ერთი სამსახურეობრივი მივლინებისას ჯულიამ მომავალი მეუღლე გაიცნო, მცირე ხნით ვაშინგტონში დაბრუნდა, ხოლო 1948 წელს, უკვე მისის ჩაილდის სტატუსით პარიზში გადასახლდა.

ჩაილდების საოჯახო ფოტოებზე წიგნში France is a Feast პოლ ჩაილდმა – მზვერავმა, დიპლომატმა, ლიტერატორმა, ძიუდოს მწრთვნელმა და ეჭვგარეშეა, რომ რომანტიკოსმაც, ფართო აუდიტორიისთვის უცნობი ჯულია – მშვიდი და მოდუნებული, საზაფხულო სარაფნებითა და შორტებით აღბეჭდა.

ჯულია და პოლ ჩაილდები

ფრანგულ სამზარეულოზე შეყვარებულმა ჯულიამ კულინარიის შესწავლა და ამ ცოდნის უკლებლივ ყველა ამერიკელი ქალისთვის გადაცემა დაისახა მიზნად.

ჯულიამ ცოდნის მისაღებად Cordon Bleu-ს სკოლას მიმართა, მოგვიანებით კი ფრანგ მეგობრებთან ერთად თავად დააარსა „სამი გურმანის სკოლა“.

პოლ ჩაილდმა 1961 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგ დარჩენილი ცხოვრება ცოლის გატაცებას მიუძღვნა მისი აგენტის, ერთგული დეგუსტატორისა და საჭიროებისამებრ, ჭურჭლის მრეცხავის როლში.

მიუხედავად იმისა, რომ მისის ჩაილდის წარმოდგენა ჯანსაღ კვებაზე საკმაოდ მოძველდა და ფრაზა „მუდმივად ვიმეორებ: წითელი ხორცი და ჯინი“ ისევე გვაშფოთებს, როგორც ცხიმის რაოდენობა მის რეცეპტებში, ჯულიას ოპტიმიზმი, სიმამაცე, იუმორი და სიკეთე ძველებურად მოთხოვნადი და მომაჯადოებელია.

2000 წელს სმითსონიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ეროვნულმა მუზეუმმა ჯულია ჩაილდის სამზარეულო გადაიტანა და მუდმივ ექსპოზიციად აქცია.

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on reddit
Share on tumblr
Share on skype
Share on telegram
Share on whatsapp
Share on email
Share on print